მამუკა მდინარაძე - სიყვარულით ვისაუბროთ ჯალათური რეჟიმის შემოქმედებზე? ასე არ გამოვა, მაგრამ ვილაპარაკებ სიმართლეს, სააკაშვილზე პატივისცემით ვერასდროს ვილაპარაკებთ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები საინტერესო აღარ არის.
„საინტერესო აღარ არის იქიდან გამომდინარე, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მათი ლიდერის განცხადებები, ტყუილები, ფეიკები, რაც მათი მხრიდან ვრცელდება, არის ერთი მიზნით, რომ აღაშფოთონ საზოგადოება, ოღონდ ტყუილზეა ეს ყველაფერი აგებული. ჩვენთვის ეს საინტერესო აღარ არის და საინტერესო აღარ არის საზოგადოებისთვისაც, რადგან აბსოლუტურად სხვა გამოწვევებია ქვეყანაში, საზოგადოებაში და ამ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ. გასაგებია, რომ მათი ეს დღის წესრიგი ასევე ემსახურება ერთ მიზანს, ჩაგვითრიონ ამ დღის წესრიგში და დღენიადაგ ვილაპარაკოთ, ვინ რას აკეთებს, ვინ რა მოწოდებას ავრცელებს, ვის მიმართ ავრცელებს და ა.შ. ამაზე ჩვენი სწორება ნამდვილად ვერ იქნება, რადგან არჩევნები დამთავრდა „ოცნების“ გამარჯვებით და ხალხი ამ არჩევნების შედეგად ელოდება ცვლილებებს, მეტ დინამიკას, მეტ ენერგიას, მათი პრობლემების გადაჭრას ადგილობრივ დონეზე და ამ დღის წესრიგში ვეღარ შევყვებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ რევოლუციური სცენარი განვითარდეს.
„მათი მხრიდან შეიძლება, ათასი რამე განიხილებოდეს“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი ემუქრება და სწორედ ამას გულისხმობდა საკუთარ განცხადებაშიც.
„სასაცილო მდგომარეობაზე მე ვსაუბრობდი, რომ დაარწმუნებული ვარ, ის ადამიანი, და ასეც უნდა იყოს, დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება. მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი დაემუქრება. სხვა შემთხვევაში არც ვიფიქრებდი მსგავსი დაშვების და მსგავსი სიტყვების თქმას. ამის საფუძველს მაძლევს ისიც, რომ როგორც გვეუბნებიან, ის დღეს კარგად არის. სასაცილო მდგომარეობა იქნება ის, რომ ჯანმრთელად, კარგად იქნება და 40 დღე რომ ადამიანი იშიმშილებს და კარგად იქნება, ე.ი სხვა რაღაცაშია საქმე. სხვა რამეზე კი არ ვლაპარაკობდი, ცუდ შედეგებზე როგორც ეს „ტვ პირველმა“ დამაბრალა, არამედ ვსაუბრობდი მისი ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობაზე, ამათმა თქვეს პირიქით, ეს არის მთელი პარადოქსი. ხალხს არ უნდა მოატყუო, მისი ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობაზე, მის სიცოცხლეზე ვსაუბრობდით, რომ კარგად იქნება და ესენი საუბრობენ პირიქით.
რაც შეეხება ლექსიკას, მეორე მხრიდან მოდის ზიზღის, სიძულვილის ენა, ტყუილები, ამორალური ფეიკები და თქვენ ჩვენ მოგვიწოდებთ ახლა, რომ სიყვარულით ვილაპარაკოთ 2012 წლამდე იმ ჯალათური რეჟიმის შემოქმედებზე? სისხლის სამართლის დამნაშავე და კრიმინალზე ვილაპარაკოთ პატივისცემით? ანუ ამ ტრენდის დამკვიდრება გინდათ? ადამიანები იმ პერიოდში კვდებოდნენ მათი შეკვეთით, ქალებს და მამაკაცებს აუპატიურებდნენ მათი შეკვეთით, ეს კადრები ხომ ყველას ნანახი გაქვთ? ახლა თქვენ მოგვიწოდებთ, პატივისცემით ველაპარაკოთ ამ ყველაფრის ავტორებს? ეს ასე არ გამოვა, მაგრამ ვილაპარაკებ სიმართლეს და, ძალიან გთხოვთ, ნუ იკადრებთ, არათუ უტრირებას გაუკეთებთ, არამედ პირიქით, ნუ შეატრიალებთ და ტყუილებს ნუ დაგვაბრალებთ, პატივისცემით მიხეილ სააკაშვილზე ვერასდროს ვილაპარაკებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გარდა ამისა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ვადამდელ არჩევნებზე სააკაშვილის განცხადება არასერიოზულია.
„არასერიოზული განცხადებებია და არ არის საინტერესო. ეს არის რამდენიმე ტელევიზიის და იმ პოლიტიკურიპარტიის დღის წესრიგი, არასერიოზულია, ამაზე ვიმსჯელოთ“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.