მამუკა მდინარაძე - სიტყვა „მოღალატეს“ ისე მარტივად იყენებენ, ვითომ არაფერია, ძალადობით პასუხი არავის უნდა გასცე, მაგრამ დღეს სწორედ ამ სიტყვას მოჰყვა რეაქცია
ერთი კვირის წინ ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მათ მცირეწლოვან შვილებს, მხარდამჭერებს აბულინგებდნენ და ყველაფერს კადრულობდნენ, რომ ისინი შეეშინებინათ, თუმცა ერთ კვირაში სიტუაცია ასე მოტრიალდა – გეხვეწებით, ეს ხალხი სხვა ადგილას გადასვით, გვეშინია, რაღაც საფრთხეებიაო. ნუ ეშინიათ, უკადრებელს ნუ იკადრებენ და პასუხად არავინ არაფერს ჰკადრებთ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ შალვა პაპუაშვილისთვის მიმართვას, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები სხვა ადგილზე გადასვას.
მდინარაძე ამბობს, რომ ძალიან მარტივად ხდება სიტყვა „მოღალატის“ გამოყენება, რასაც მოჰყვა რეაქცია, თუმცა ძალადობით პასუხი არავის უნდა გასცე.
„ჩვენ ისეთი რამ არც მოგვიფიქრებია, რაც მათ იკადრეს. ტარიელ ნაკაიძე ორი კვირის წინ ამტკიცებდა, რომ „რადიკალური ისლამი“ ჩემი მოფიქრებული სიტყვაა. ამით რელიგიური შუღლის გაღვივებას ცდილობდა. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანმა რა იკადრა, თითქოს ტერმინი – რადიკალური ისლამი – მე გამოვიგონე. ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია. ეს ხალხი სიტყვა „მოღალატეს“ ისე მარტივად იყენებს, ვითომ არაფერია. ძალადობით პასუხი არავის უნდა გასცე, მაგრამ დღეს სწორედ ამ სიტყვას მოჰყვა რეაქცია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს ადგილები შეუცვალოს.
პარლამენტის თავმჯდომარეს თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი, თამარ კორძაია და ტარიელ ნაკაიძე მიმართავენ. როგორც დეპუტატები ამბობენ, ამ მოთხოვნის მიზეზი „ხალხის ძალის“ მხრიდან შეურაცხმყოფელი მიმართვებია.