მამუკა მდინარაძე - სირცხვილია, უპრეცედენტო გამყალბებელი „ისფედი“ საუბრობდეს კანონიერებაზე, მსოფლიოში არ ფიქსირდება შემთხვევა, როცა პარალელური ხმის დამთვლელი მონაცემებს აყალბებდეს
მომდევნო თვეების პროპაგანდა იქნება, რომ არჩევნები საქართველოში ყალბდება, სხვა პიარკამპანია დომინანტი არ იქნება, ეს იყო მიზანი აქამდეც, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დაეყენებინათ ეჭვქვეშ და ახლაც ეს არის მათი მიზანი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, სწორედ ის ორგანიზაცია საუბრობს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არჩევნების გაყალბებაზე, რომელმაც 2020 წელს გააყალბა არჩევნების მონაცემები.
„პირველი გამოდის „ისფედი“, რომელიც არის უპრეცედენტო გამყალბებელი, მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია აყალბებდეს არჩევნების მონაცემებს. 2020 წელს ეს გააკეთა „ისფედმა“. ამაზე რეპუტაციაწამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს და ის ძრავს ამ საკითხს. სირცხვილია, როცა „ისფედი“ არჩევნებსა და მის კანონიერებაზე ლაპარაკობს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე“, – განაცხადა მდინარაძემ.