მამუკა მდინარაძე - სირცხვილი არ უგრძნიათ, როცა სასამართლო მიიტაცეს, ადამიანებს ბიზნესებს ართმევდნენ, შერცხვათ მხოლოდ მაშინ, როცა „ბიბისიმ“ „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფინანსებელზე თქვა, ევროპელ პენსიონრებს ძარცვავდაო
მამუკა მდინარაძე - სირცხვილი არ უგრძნიათ, როცა სასამართლო მიიტაცეს, ადამიანებს ბიზნესებს ართმევდნენ, შერცხვათ მხოლოდ მაშინ, როცა „ბიბისიმ“ „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფინანსებელზე თქვა, ევროპელ პენსიონრებს ძარცვავდაო

თქვენი კოლეგები, ჩვენი კოლეგები რადიკალური ოპოზიციიდან არასდროს შეშფოთებულან და არ შერცხვენიათ, რომ მათი სისტემა აუპატიურებდა მაგიდაზე გადასკოჩილ მამაკაცებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დავით კეზერაშვილის მიერ „ფორმულას“ წილის ნახევარის ტელეკომპანიის კოლექტივისთვის გადაცემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მათ სირცხვილი იგრძნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც „ბიბისიმ“ „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფინანსებელზე თქვა, რომ ევროპელ პენსიონრებს ძარცვავდა.

„თქვენი კოლეგები, ჩვენი კოლეგები რადიკალური ოპოზიციიდან არასდროს შეშფოთებულან და არ შერცხვენიათ, რომ მათი, არ ვიცი, კოლეგები, პატრონები, თანამოაზრეები, მათი სისტემა აუპატიურებდა მაგიდაზე გადასკოჩილ მამაკაცებს. სირცხვილი არ უგრძნიათ მაშინ, როდესაც სასამართლო, ტელეკომპანია „იმედი“ მიიტაცეს, როდესაც ადამიანებს ბიზნესებს ართმევდნენ, ღამე იბარებდნენ ნოტარიუსებს და ცემა-ტყეპით ართმევდნენ, „ახევდნენ“, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, მეტი სიტყვა უფრო შესაბამისი არ არსებობს. ცოლ-ქმარი მალავდა ტელეფონს, გადიოდა მეორე ოთახში, რომ ელაპარაკათ ოჯახურ თემებზე, ამის არ შერცხვენიათ. სირცხვილი იგრძნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ „ბიბისიმ“ თქვა მათ ერთ-ერთ დამფინანსებელზე, რომ ევროპელ პენსიონრებს ძარცვავდა და ახლა ეს სირცხვილის გრძნობა თურმე ჩამოერეცხებათ, როგორც კი გადაეცემათ ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონრების ნაძარცვი ფულით დაფინანსებული და შეძენილი აქტივები. შეიძლება ცოტა სერიოზულად მაინც, ადეკვატურად, რელევანტურად ამ თემაზე ლაპარაკი? ეს ყველაფერი ჩამოიწერება, როგორც კი ეს ქონება მათ გადაეცემათ? შერცხვათ მხოლოდ ევროპელი პენსიონერების გაძარცვა. ამორალურია, რასაც ისინი აკეთებენ კი არა, არამედ გამოხატავენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარს გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ კი დარჩენილ წილსაც გადასცემს.