მამუკა მდინარაძე - „სიარარსი" სოციოლოგიურ ხრიკებს მიმართავს, რათა თქვას, თითქოს მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი იზრდება
„სიარარსი” სოციოლოგიურ ხრიკებს მიმართავს, რათა „ქართული ოცნების“ ლიდერს დაარტყას და თქვას მთავარი ტყუილი, თითქოს მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი იზრდება, ბიძინა ივანიშვილის კი არა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ამ ფონზე „სიარარსი” გარკვეულ საკითხებზე რეალურ მონაცემებს აქვეყნებს, რათა კვლევის მიმართ სანდოობა გაზარდოს.
„სიარარსი” სოციოლოგიურ ხრიკებს მიმართავს. მეტ-ნაკლებად რეალური მონაცემები შეიძლება იყოს სხვა საკითხებზე, რათა „ქართული ოცნების“ ლიდერს დაარტყას. კახი კალაძისა და დავით სერგეენკოს რეიტინგს ვერაფერს უხერხებენ, შეიძლება, ცოტა ამცირებენ, მაგრამ იმდენად ვერა, რომ სხვა ადგილზე გადაიტანონ და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ჩაწერონ. „ქართული ოცნების“ ლიდერების რეიტინგებს ცოტათი ამცირებენ, რომ შემდეგ კვლევამ დამაჯერებლობის ხარისხი მოიპოვოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (ენდიაი) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (სიარარსი) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მესამე ადგილზეა. მის მიმართ გამოკითხულთა 31 პროცენტს დადებითი დამოკიდებულება აქვს, ხოლო უარყოფითი – 32 პროცენტს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამავე კვლევის მიხედვით, მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 21%-ს აქვს, უარყოფითი კი – 39 პროცენტს.