მამუკა მდინარაძე შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კონსულტაციებს პოლიტიკურ თამაშს უწოდებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ გამართულ კონსულტაციებს პოლიტიკურ თამაშს უწოდებს.
როგორც პირველ არხს მდინარაძემ განუცხადა, ფრაზა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კონსულტაციები დაიწყეს, არასწორად მიაჩნია.
„რაც მოხდა, ამას ჰქვია გუნდში შეთანხმება დაიწყეს, რადგან ეს ერთი გუნდია ორი სახით. ძალიან ხშირად ამის დადასტურება ხდება ხოლმე. ისინი ერთმანეთს ან ემიჯნებიან, ან ისეთივე პოპულისტური ნაბიჯებით მიდიან, რომელსაც ერთი მხარე აჩვენებს და მეორე იმას მიჰყვება. ეს არის პოლიტიკური თამაში, რაც მათი საქმეა, მაგრამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ ესენი არიან საერთო წარსულის, აწმყოსა და მომავლის პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატის ცნობით, მმართველი გუნდი შუალედურ არჩევნებში ყველა საარჩევნო ოლქში კანდიდატებს დააყენებს.
„ჩვენი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ, „ქართული ოცნების“ რეიტინგისა და იმ კანდიდატების გამო, რომელსაც ჩვენ ვარჩევთ. ჩვენსას მათი კანდიდატები კონკურენციას ვერ უწევენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ქვეყნის მასშტაბით შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.