მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია, რუსული კვალი იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებებში
შეუძლებელია, რუსული კვალი იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარძემ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ 2019 წელს ირმა ინაშვილი ითხოვდა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობის გარშემო გამოძიების დაწყებას, ხოლო პარალელურად ბრალდებულები საუბრობენ, რომ დოკუმენტები, რომლის გამოც არიან დაკავებულები, რუსეთიდან არის მოპოვებული, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ირმა ინაშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიება არავის დაუწყია.
„ირმა ინაშვილმა რომ გააკეთოს განცხადება და აკეთებს კიდევაც, რომ „ნაცმოძრაობამ“ უღალატა ქვეყანას, როდესაც მხარი დაუჭირა იმას, თითქოს ქართველებმა დაიწყეს ომი, დავკომპლექსდეთ და ეს აღარ გავიმეოროთ? ასე გავაკეთოთ? ირმა ინაშვილი ბევრ განცხადებას აკეთებს, ზოგს მართალს და ზოგს არამართალს შეიძლება, არ ვიცი. მათ შორის, შეიძლება, რაღაცა ინტერესებს ატარებს, ეს ჩვენ ვიცით, რუსულ ნარატივში „პატრიოტთა ალიანსი“ რომ ზის, ახალი ხომ არ არის თქვენთვის, მაგრამ ამასობაში რაღაც სიმართლე თუ თქვა, ის სიმართლე აღარც თქვენ და აღარც ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ, ვაიმე, ირმა ინაშვილის განცხადებას არ დაემთხვესო? თუ თქვა და თქვა კიდევაც, რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, რომელშიც ეწერა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი, აღარ გავიმეოროთ ეს ფაქტი? დავკომპლექსდეთ თუ რა გავაკეთოთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საერთოდ არ აინტერესებს, რას ლაპარაკობს „პატრიოტთა ალიანსი“.
„მე თქვენ გიყვებით ფაქტებს და თქვენ ამ ფაქტებში რუსულ კვალს ეძებთ. შეუძლებელია, რუსული კვალი იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებებში. ამისი მარტივი ლოგიკა წარმოუდგენელია, თქვენც არ გესმოდეთ, წარმოუდგენელია, საზოგადოების რომელიმე წევრს არ ესმოდეს. მე წარმოუდგენლად მიმაჩნდა ის, რომ გუშინ აქციაზე ათი თუ ოცდაათი კაცი იდგა, არ ვიცი, მაგრამ რამდენიც უნდა მდგარიყო, იმ აქციაზე როგორ უნდა მდგარიყო თუნდაც ერთი ადამიანი, რომელმაც ნახა, რომ რუკა დამალული აღმოუჩინეს, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება აღმოუჩინეს, ხალხო, კონკრეტულ ადამიანებს და მის მხარდასაჭერად დადგა ვიღაც აქციაზე და რაღაცებს სკანდირებდა იქ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.