მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია, ორ კვირაში ვინმემ რამე გამოიძიოს, მსოფლიოში არ არსებობს სამართალდამცავი უწყება, რომელიც ამ ვადაში კონკრეტულ შედეგს დადებს
შეუძლებელია, ორ კვირაში ვინმემ რამე გამოიძიოს, მსოფლიოში არ არსებობს სამართალდამცავი უწყება, რომელიც ამ ვადაში კონკრეტულ შედეგს დადებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საქმეს სჭირდება კვალიფიციური გამოძიება. ამასთან, აღნიშნა, რომ გამოძიების შედეგი ბევრს არ მოეწონება.
„მე რა ინფორმაციაც მაქვს, ჩემი გვარი ნახსენები არ არის. არ არის ასეთი რამ და სად უნდა მივიდე. თუ დაიბარეს, ნებისმიერი ადამიანი უნდა მივიდეს. ჩვენ თუ ახლა ვსაუბრობთ საგამოძიებო ტაქტიკაზე, ვის როდის დაიბარებენ, ეს არ არის ჩემი საქმე. საგამოძიებო ტაქტიკიდან გამომდინარე, ეს არის მხოლოდ გამომძიებლისა და პროკურორის საქმე, განსაზღვროს, ვინ როდის დაკითხოს და ა.შ.
რაც შეეხება ზოგადად ამ ფაილებს, მარტივი სცენარია. ორი კვირით ადრე რაღაცების გამოგდება, ტყუილ- მართლის გამოგდება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ შეუძლებელია, ორ კვირაში ვინმემ რამე გამოიძიოს. მსოფლიოში არ არსებობს სამართალდამცავი უწყება, რომელიც ორ კვირაში კონკრეტულ შედეგს დადებს და პასუხებს გასცემს კითხვებს, მაგალითად, რაც არის რეალური, ვინ ჩაიწერა, ვისი ინტერესი იყო, ვინ გაიტანა და ა.შ ამათ პასუხი ორ კვირაში ვერ გაეცემა. ამით წინასაარჩევნოდ უნდოდათ ნეგატიური ნარატივის აწყობა, რაც არ გამოუვიდათ. რაღაც შეიძლება, მართლაც იყოს, სამწუხაროა. შეთხზული, გატანილი, მოგონილი და მარტივი სქემაა. ამას სჭირდება კვალიფიციური გამოძიება და დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგი ბევრს არ მოეწონება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.