მამუკა მდინარაძე - შესაბამის სტრუქტურებსა და ინსტიტუტებს ინფორმაცია აქვთ არეულობების შესახებ, ყველა შემთხვევაში, ამ გეგმების ძირშივე აღკვეთა ხდება
სახელმწიფო თავის ადგილზე დგას. შესაბამის სტრუქტურებსა და ინსტიტუტებს ინფორმაცია აქვთ არეულობების შესახებ და ყველა შემთხვევაში, ამ გეგმების ძირშივე აღკვეთა ხდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც მათთვის ხდება ცნობილი, საკითხზე შესაბამისმა სტრუქტურებმა გამოძიება გაცილებით ადრე დაიწყეს, ვიდრე ამის შესახებ საზოგადოებისთვის გახდებოდა ცნობილი.
„აქედან გამომდინარე, მტკიცებულებების სტანდარტზე ბევრს აღარ მოვყვები. ახლა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყოს, ეს ხალხი უკვე დაჭერილი იქნებოდა. მათთვის ერთი საუბარიც კი საკმარისი იყო, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავი უწყებებისთვის საჭიროა მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი. როდესაც საუბრობენ გეგმაზე, ეს გეგმა სისრულეში თუ არ მოვიდა, შესაძლებელია, მათი დაკავება ვერ მოხერხდეს და არ განხორციელდეს – არშემდგარ დანაშაულზე, რომელზეც ჩანასახშივე შესაბამისს უწყებებს შესაბამისი რეაგირება აქვს, შესაძლებელია, დაკავებები არ განხორციელდეს. მაგრამ ძალიან კარგია, რომ უსაფრთხოების სამსახურს დასაწყისშივე ჰქონდა ინფორმაცია და მოხდა შესაბამისი პრევენცია გამჟღავნებით და საზოგადოებისთვის გაცნობით.
ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ გეგმის ქმედებაში მოყვანა გაუადვილდეთ, რადგან საზოგადოებამ უკვე დეტალურად იცის, მათივე წინა საუბრებიდან და ლეგიტიმურად მოპოვებული მტკიცებულებებიდან, რომ ისინი ბინძურ პროვოკაციებს გეგმავდნენ, არეულობას და ა.შ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, გამოძიება დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე გუშინ. გამოდის, რომ შესაბამის უწყებებს ეს ინფორმაცია უფრო ადრე ჰქონდათ. ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება და მოიპოვეს მტკიცებულებები, რომელთაგანაც ერთ-ერთი საზოგადოებას გააცნეს. ჩანასახშივე, დაგეგმისთანავე აღკვეთილ იყო ყველა დანაშაული. თუ რაიმე მტკიცებულება იქნება იმგვარი, რომელიც ალბათობის მაღალი ვარაუდით, დაადასტურებს სისრულეში მოყვანილ რომელიმე დანაშაულს ან მის მომზადებას, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა მდინარაძემ.