მამუკა მდინარაძე - შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ნიკა მელიას პრაქტიკულად არ შეეძლება სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება
შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ნიკა მელიას პრაქტიკულად არ შეეძლება სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა განჩინების დეტალურად გაცნობა, თუმცა ამ ეტაპისთვის გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება, ითქვას, რომ ნიკა მელია ვერ შეძლებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას.
„ჯერ უნდა ვნახოთ განჩინება, უფრო დეტალურად იქნება აღწერილი. რამე კონკრეტული იურიდიული და სამართლებრივი დასკვნების გამოტანა არის რთული, მაგრამ რაც დღეს მოვისმინეთ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომ რადგან მას აქვს სპეციალური დათქმები გირაოსთან დაკავშირებით, პროკურორისა და ზოგადად პროცესის მწარმოებელი ორგანოს გარეშე გადაადგილება შეეზღუდება. აქედან გამომდინარე, ის პრაქტიკულად ვერ შეძლებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მას სჭირდება საგამოძიებო ორგანოს თანხმობა, რომ გადაადგილდეს, მოვიდეს პარლამნეტში და ა.შ. იქ იყო შეზღუდვა იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებაც აეკრძალა ამ პერიოდში. როგორც მახსოვს თავშეყრის ადგილებზე იყო საუბარი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, პრაქტიკულად მას არ შეეძლება სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება, მაგრამ ჯერ მაინც უნდა ჩავხედოთ კარგად განჩინებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ზოგადად არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება არ არის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი.
„პირადად მე, იმ მწირი ინფორმაციის საფუძველზე, განჩინების წაკითხვამდე მგონია, რომ მას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება ანუ არ შეუჩერდება სადეპუტატო უფლებამოსილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სასამართლომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, მელიას უნდა აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელიამ საგამოძიებო ორგანოს პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა ჩააბაროს.