მამუკა მდინარაძე - შეცდომა ვერასდროს დაერქმევა ხალხის წამებას, ღირსების გაუქმებას, ამ დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი
ნარატივი უკვე ცხრა წელია არის, რომ რუსეთი ებრძვის თითქოს, მიხეილ სააკაშვილს, რადგან ასე აწყობთ, გაღმა შედავების პრინციპია და კომპლექსის მოხსნის მცდელობაა, რომ ამ ადამიანმა ბევრი საქმე გაუკეთა პუტინსაც და რუსეთსაც, მაგრამ ამის გადაფარვა ხდება გაღმა შედავების პრინციპის პიარის დაგეგმვით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც „ქართულ ოცნებას“ უწოდებენ რუსულ ძალას, ყველა უნდა დაფიქრდეს, ვინ რას ამბობს კი არა, ვინ რას აკეთებდა და ვინ რას აკეთებს.
„ვისი მოქმედებები აწყობდა და ვისი მოქმედებებით მიიღო გარკვეული სარგებელი რუსეთმა და პირადად მისმა პრეზიდენტმა პუტინმა, ეს ხომ არ იყო შემთხვევით – მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. დაწყებული რეზოლუციის მხარდაჭერით, წლების განმავლობაში ხომ გვახსოვს პიარი თითქოს, „ქართული ოცნების“ წევრები იძახდნენ თითქოს ომი საქართველომ დაიწყო და ა.შ. აღმოჩნდა ბოლოს დოკუმენტებით და არა საუბრით, რომ დაუბრალებიათ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს ამ ქვეყანაზე და სამხედროებზე ომის დაწყება, ხომ აღმოჩნდა? ამ მტკიცებულებებზე საერთოდ არასდროს რომ არ ვსაუბრობთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ ეს იგნორირების რეჟიმში უნდა გავატაროთ და არაფერი არ უნდა ვისაუბროთ ამაზე. აღმოჩნდა ბოლოს, რომ რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, აღმოჩნდა რუსების ხელში. ეს ყველაფერი ხომ მტკიცებულებების დონეზეა. აღმოჩნდა ერთ მშვენიერ დღეს, რომ ისკანდერის ნაწილები, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იმ საქმეში, სადაც ქართველ სამხედროებს რუსეთი აქეთ უჩივის და აქეთ ედავება რაღაცებზე საერთაშორისი სასამართლოში, ეს ნაწილები თურმე დაუმალავთ და თურმე „ქართულ ოცნებას“ აღმოუჩენია წლების შემდეგ. უბრალოდ, მათ აქვთ პრინციპი თუ იტყვი 10 000-ჯერ რაღაცას, ეს იქნება ფაქტი და აღარ აქვს მნიშვნელობა. ფაქტებს და აღქმებს აქვთ მნიშვნელობა, როგორც ზოგიერთი ტელემენეჯერი ამბობს ხოლმე. შესაბამისად, ეს რუსული ნარატივი არის ყველაზე სპეკულაციური და ბინძური ნარატივი, რაც კი მოუფიქრებია ამ ქვეყანაში ვინმეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს ხალხის წამებას, ღირსების გაუქმებას.
„ბიზნესების წართმევა და უცბად გახსენება თითქოს ღამის სამ საათზე მოუნდა ვინმეს ბიზნესი აჩუქოს სახელმწიფოს, ამას ვერ დაერქმევა შეცდომები. ეს არის უდიდესი და ძალიან ცუდი ქმედებები და დანაშაულები, ამ დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვის მიმართაც შესაბამისი მტკიცებულების სტანდარტით იქნება შეგროვებული მასალები. ორ მათგანზე მსჯავრდებულია მიხეილ სააკაშვილი. სხვა სავარაუდო დანაშაულებებზე მიდის სასამართლო წარმოება და შესაბამის განაჩენს გამოიტანს, ოღონდ ისეთ სასამართლოში კი არა მას რომ ჰქონდა, ჟურნალისტებს ფეხი რომ არ ჰქონდათ დადგმული არც ერთ პროცესზე, საუბარი აღარ იყო პირდაპირ ეთერში ჩართვაზე, არამედ ისეთ სასამართლოში, რომელიც რეალურად დამოუკიდებელია და სასამართლოზე, რომელმაც დღეს მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართო პირდაპირ ეთერში, რასაც ვერ წამოიდგენდით ვერასდროს, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, რადგან მათ შეცვალეს ეს კანონი და დააკანონეს ის, რომ ფეხი არ უნდა დაგედგათ სასამართლოში გასაშუქებლად“, – განაცხადა მდინარაძემ.