მამუკა მდინარაძე - საწინააღმდეგო აზრს ვინც აფიქსირებს წალენჯიხის მერიის დაქვემდებარებულ სამსახურებში, სამსახურიდან უნდა გაუშვან? ეს მათი წარსულია და როგორც ხელისუფლებას, პოლიტიკური მომავალი არ აქვთ
წალენჯიხის „აღმშენებლობას“ მაინცდამაინც სამსახურიდან ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება სჭირდება? მათ ენაზე რომ ვთქვა, თავის საქციელს როგორ „აპრავებენ“?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამსახურიდან არ უნდა გაუშვან ადამიანები, რომლებიც საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებენ წალენჯიხის მერიის დაქვემდებარებულ სამსახურებში.
„ხალხის დაჩაგვრა და პოლიტიკური ნიშნით დევნა აუცილებელი პირობაა, რომ რაღაც გაკეთდეს? მანიპულირებენ, თითქოს რაღაც კეთდება. არაფერი კეთდება, მაგრამ რომ კეთდებოდეს, ამისთვის აუცილებელია პოლიტიკური დევნა? – ვინც მათთვის მიუღებელია და საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებს წალენჯიხის მერიის დაქვემდებარებულ სამსახურებში, ისინი სამსახურიდან უნდა გაუშვან? ეს მათი წარსულია და მათ, როგორც ხელისუფლებას, პოლიტიკური მომავალი არ აქვთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის პოსტზეც, სადაც ის მდინარაძეს მიმართავს: „გუშინ წალენჯიხაზე გქონდა კომენტარი, „ნაცები“ ხალხს უშვებენ სამსახურიდან და ამას იზამენ ყველგან ხელისუფლებაში რომ მოვლენო. ნაძირლურად მანიპულირებ. თბილისში თონეში რომ მუშაობს, ისეთი რომ გყავდათ წალენჯიხის მერიაში გაფორმებული, გახსოვთ? აუდიტის დასკვნები ნანახი გაქვთ?“.
როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, თონეში მუშაობა დამაკნინებელი საქმიანობა არ არის.
„რაც შეეხება თონეში მუშაობაზე განცხადებას, თონეში მომუშავე ადამიანებთან აგდებული და ცინიკური დამოკიდებულება აქვთ? – არ ვიცი, რაზე ლაპარაკობს, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, თუ ადამიანი თონეში მუშაობდა და ამავე დროს სადღაც, ეს დამაკნინებელი რატომ არის? ამით შეურაცხყოფას რატომ აყენებს და ირონიას რატომ ცდილობს. არ ვიცი, ეს ფაქტი მართალია თუ – არა, მაგრამ მართალიც რომ იყოს, ადამიანის იმის გამო დაკნინება, რომ თონეში მუშაობდა, ესეც მის ხასიათზე და ნაცდამოკიდებულებაზე მიუთითებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, წალენჯიხის მერიის დაქვემდებარებული სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დღეს განცხადება გააკეთა წალენჯიხის ოპოზიციონერმა მერმა გიორგი ხარჩილავამ. ხარჩილავა აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებსა და ზოგადად მერიაში ტარდება რეფორმა და არა თანამშრომლების გაშვება სამსახურებიდან. გარდა ამისა, მან არაეფექტიან მართვასა და პარტიულ ნეპოტიზმზე ისაუბრა. წალენჯიხის მერის განცხადებით, რეორგანიზაცია იგეგმება ასევე დასუფთავებისა და კულტურის სამსახურშიც. როგორც წალენჯიხის მერი ამბობს, გამოთავისუფლებულ ადგილებზე „ნაცმოძრაობის“ აქტივის დასაქმება არ იგეგმება.