მამუკა მდინარაძე - სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით ორგანულ კანონში ცვლილებები ერთ თვეში მომზადდება
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით ორგანულ კანონში ცვლილებები ერთი თვის ვადაში მომზადდება. ამის შესახებ პირველ არხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ორგანული კანონის მიღებას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 დასჭირდება.
„ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს ან საქართველოს გაერთიანებას ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ორგანული კანონის მიღება გვიწევს და დათქმაა, რომ ორგანული კანონის მიღებას 2/3 სჭირდება. ერთი თვე იქნება საჭირო, რომ პროექტი დაიდოს“, – დასძინა მდინარაძემ.
ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება, აღნიშნულია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით რეგულაციები ორგანული კანონით განისაზღვრება.