მამუკა მდინარაძე - საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის ნიშნები, სადაც „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, წლების განმავლობაში ინახავენ ჩანაწერებს, ამონტაჟებენ, აკეთებენ ფაბრიკაციას
საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, წლების განმავლობაში ინახავენ ჩანაწერებს, ამონტაჟებენ, აკეთებენ ფაბრიკაციას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, „რომ „კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები“.
„თქვენ ალბათ გაგიგიათ და მთელმა მსოფლიომ იცის, რას ნიშნავს ყვითელი პრესა. სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც ძველი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, ინახავენ წლების განმავლობაში რაღაც სხვადასხვა ჩანაწერს, შემდეგ ამონტაჟებენ, ჩეხავენ, კრავენ, აკეთებენ ფაბრიკაციას, საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით. ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ძალიან სამწუხაროა. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ამ წითელ ხაზებს მიღმა, „კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, რაღაც საკითხზე მაინც, შევძლოთ, რომ ყველამ ერთად დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები და ამით ადამიანების დისკრედიტაცია. ეს უნდა ჩავაბაროთ რამენაირად წარსულს, რომელ მხარესაც რა პოლიტიკური მიზნებიც არ უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.