მამუკა მდინარაძე - საქართველოში დემოკრატიის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ადამიანი თუ სუბიექტურად არ ფიქრობს, კრიტიკასაც ვერ ახერხებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი გამოცემა და ორგანიზაცია, რომელიც ობიექტურად შეაფასებს საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებს, პოზიტიურ დასკვნასაც დადებს.
მდინარაძე გამოცემა „ატლანტიკოს“ სტატიას გამოეხმაურა.
„იქნება კონკრეტული გამოცემა, თუ სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ობიექტურად შეაფასებს საქართველოში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს, უდავოა, რომ მათი შეფასება იქნება პოზიტიური. ესეც არის ერთ-ერთი გამოხმაურება ამ პოზიტიურ ე.წ. აჯენდაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ შეხედა საქართველოში მაღალი პასუხისმგებლობით წარმართულ კრიზის მენეჯმენტს, რომელმაც ეს ქვეყანა მსოფლიოში კოვიდ ინფექციასთან ბრძოლაში ერთ-ერთ სანიმუშო ქვეყნად გადააქცია .
რომ არა წლების განმავლობაში დალაგებული სწორი მენეჯმენტი, რომ არა სწორად აწყობილი სისტემები, ჩვენ ამ პანდემიას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს დაატყდა თავს, ვერ გავუმკლავდებოდით ასეთი წარმატებით, როგორც ეს მოვახერხეთ“,- განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მაღალია.
„საქართველოში დემოკრატიის ხარისხი არის იმდენად მაღალი, რომ ამასთან დაკავშირებით თუ სუბიექტურად არ ფიქრობს ადამიანი, კრიტიკასაც ვერ ახერხებს. სწორედ ამის გამოძახილია კონკრეტული შეფასება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
გამოცემა „ატლანტიკო“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ევროკავშირი ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტი არ გამქარალა და „ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, საფრანგეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მწვანე შუქი აუნთეს ალბანეთს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის გატარების პირობით, საქართველოს კი არა მხოლოდ ალბანეთთან შედარებით აქვს ბევრად უკეთესი შედეგები, არამედ კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის პატივისცემის თვალსაზრისით და ეკონომიკური მაჩვენებლებით, ევროკავშირის მასშტაბით „კლასში საუკეთესოა“ ერთი მხრივ, კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის, ხოლო, მეორეს მხრივ, ეკონომიკის კუთხით“.