მამუკა მდინარაძე - საქართველოში 223 ათასზე ცოტა მეტი მოქალაქე არსებობს, რომელსაც ლამინირებული პირადობის მოწმობა აქვს, მათ საარჩევნო ხმის უფლებას ვერ ჩამოართმევ
საქართველოში 223 ათასზე ცოტა მეტი მოქალაქე არსებობს, რომლებსაც ლამინირებული პირადობის მოწმობა აქვთ. მათგან ერთი ადამიანიც რომ დარჩეს, რომელიც საარჩევნო ყუთთან მივა და მას უვადოდ გაცემული პირადობა ექნება, მას არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ვერ ეტყვი და საარჩევნო ხმის უფლებას ვერ ჩამოართმევ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანს საარჩევნო უფლებას ვერ ართმევ და ვერ შეუზღუდავ.
„მათი რაოდენობა მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ, კონკრეტული რაღაც მოვიფიქრეთ, რაშიც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებიც დაგვეთანხმნენ – კამპანიას ვაწარმოებთ, რომლის პარალელურად კანონმდებლობაში ცვლილებები იქნება შეტანილი, რომლის მიხედვით, კონკრეტული თარიღი იქნება დათქმული, რომლის იქითაც პირადობის მოწმობები აღარ იმოქმედებს, მაგრამ თუ რელიგიური და ჯანმრთელობის მდგომარეობის ფაქტორების გამო ადამიანები იქნებიან, ვინც მაინც მიიჩნევს, რომ მათ ელექტრონული მოწმობა არავითარ შემთხვევაში უნდა აიღონ, ამ შემთხვევაში მათზე ლამინირებული მოწმობა გაიცემა. თუმცა, ასეთი რამდენიმე ასეული ადამიანიც არ არის. ასეთი დაახლოებით 64 ადამიანი იყო. იუსტიციის სამინისტრო ამ ადამიანებს შესთავაზებს სერვისს და მათ პირადობის მოწმობებს უფასოდ გადასცემს. სამ მილიონზე მეტი აიდი ბარათი უკვე გაცემულია და მილიონ-ნახევარზე მეტი სწორედ ამ აქციების ფარგლებშია გაცემული. 2011 წლამდე გამოცემული პირადობის მოწმობები გაუქმდება, ძალაში მხოლოდ 64 ცალი დარჩება. იუსტიციის სამინისტროს ეს 64 თუ დამატებით 164 ადამიანი მიმართავს, მათაც ექნებათ უფლება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მაგალითად, პენსიონერმა რომ გვითხრას, აიდი ბარათის აღება არ მინდა და პენსიის აღება ლამინირებული პირადობით მინდაო, არსებული კანონმდებლობით ვეღარ აიღებს. სამოქალაქო ბრუნვიდან ხომ არ ამოიღებ და ადამიანს უფლებებს ხომ ვერ ჩამოართმევ? მხოლოდ საარჩევნო უფლებაზე კი არ არის საუბარი, არამედ ყველა უფლებაზეა. ამ დროისთვის სულ 223 ათასი ლამინირებული პირადობის მოწმობაა და ეს რომ გაუქმდება, ადამიანები ახლის აღებისთვის უნდა მივიდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანს საარჩევნო უფლებას ვერ ართმევ და ვერ შეუზღუდავ. ეს ადამიანები ლამინირებული მოწმებებით 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდნენ, მაგრამ ახლა ჩვენ ვეუბნებით – ძველი პირადობა გაგიუქმდებათ, მაგრამ სახელმწიფო ახალს მოგცემთ და მონაწილეობას არა მხოლოდ არჩევნებში მიიღებთ, არამედ სამოქალაქო ბრუნვაში მიიღებთ მონაწილეობას-თქო“, – განაცხადა მდინარაძემ.