მამუკა მდინარაძე - საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შესწევს უნარი, იბრძოლოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლების ხარისხის განმტკიცებისთვის
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისი განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხარისხის განმტკიცებისთვის ბრძოლის უნარი.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს. ამ დღეს შეგვიძლია, ყოველთვის ვთქვათ, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც შესწევს უნარი, იბრძოლოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლების ხარისხის განმტკიცებისათვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოს უმთავრესი მიზანია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, სწორედ დამოუკიდებლობაზე, თავისუფლების ხარისხის განმტკიცებაზე, ყოფითი პირობების გაუმჯობესებაზე, უსაფრთხოების გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტზე გვაქვს ხოლმე საუბარი.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეროვნული იდენტობის შენარჩუნების უმთავრესი გარანტიაა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, ესეც არ არის შემთხვევითი. სამწუხაროდ, დღეს ამ ქვეყანაში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირიქით საუბრობენ. მყარად მიმაჩნია, რომ ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და გარანტი არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ამიტომ ჩვენ ამ მიზანს არასდროს არ უნდა გადავუხვიოთ, რაც არ უნდა გამოწვევები იყოს ამ მიმართულებით, ფარული თუ აშკარა და ჩენ ამ მიზნისაკენ უნდა ვიაროთ. ისტორიისათვის ძალიან მოკლე დროში მოხდება ეს ყველაფერი. მე ამაში დარწუნებული ვარ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.