მამუკა მდინარაძე - საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გამოდის ეროვნული ინტერესებიდან, ახერხებს, ჰქონდეს მშვიდობა, არ წამოეგოს პროვოკაციებს, არ აქციოს ქვეყანა მეორე ფრონტად
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და ამის თქმის საფუძველს იძლევა დღევანდელი რეიტინგები.
მდინარაძის თქმით, საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„დიახ, ჩვენ ვემზადებით, რომ მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღევანდელი რეიტინგები ამის საფუძველს გვაძლევს. ხვალ რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, გარანტირებულად საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღებდით. მით უმეტეს, თუ ამ რეიტინგებს გავამყარებთ სწორი საარჩევნო კამპანიით, ბუნებრივია, მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ამიტომ გვაქვს ამის ამბიცია. ხელისუფლება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობით მეოთხე ვადით მოსვლასთან დაკავშირებით ასეთ ამბიციურ განცხადებას აკეთებს, ასეთი ამბიცია აქვს, ეს რაღაცაზე არის დამყარებული. ხალხი შემთხვევით არ იღებს ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს, არც მეორე, არც პირველ, არც მესამე და, მით უმეტეს, მეოთხე და სხვა შემთხვევებში. ეს ყველაფერი ეფუძნება სიმართლეს, სამშობლოს სიყვარულს, სწორ მოქმედებებს, სწორ მენეჯმენტს, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა ამ წლების განმავლობაში, მიიღო კანდიდატის სტატუსი. ის დღეს უკვე არის ევროპის ოჯახის წევრობის კანდიდატი. მას აქვს ეკონომიკური წინსვლა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განმარტებით, ქვეყანაში, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
„უამრავი გამოწვევა რჩება. როდესაც ვსაუბრობთ, რომ სიღარიბე 30-დან 15 პროცენტამდე შემცირდა, ეს 15 პროცენტი ძალიან ბევრ ადამიანს ნიშნავს და უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ დინამიკა, რა დინამიკითაც ჩვენ მივდივართ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ ხალხი გვენდობა, რომ ჩვენ კიდევ უფრო წინ წავიყვანთ ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამავდროულად, მდინარაძის თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„რეალურად, ის იბრძვის, რომ გახდეს ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ამავდროულად, ახერხებს, ჰქონდეს ქვეყანაში მშვიდობა, არ წამოეგოს პროვოკაციებს, არ გახადოს თავისი ქვეყანა საომარ პლაცდარმად, მეორე ფრონტად. მთავარზე მთავარი, ეროვნული ინტერესების გატარება არის ყველაზე მთავარი საფუძველი, რომელსაც აფასებს ქართული საზოგადოება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.