მამუკა მდინარაძე - საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ლგბტ პროპაგანდისგან დაიცვას საზოგადოება, მომავალი თაობა
თანამედროვე ცივილიზებული სამყარო დღეს უდიდესი გამოწვევების წინაშეა. ერთ-ერთი გამოწვევა არის ლგბტ პროპაგანდა. ეს არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ უდიდესი პრობლემაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ამ პრობლემამ, სამწუხაროდ, ოფიციალურ უწყებებშიც შეაღწია.
„გაჩნდა მითითებები, ასევე ოფიციალურ დონეზე, რომ გენდერული ნიშნით ცოტა სხვანაირად მოიხსენიონ ოჯახის წევრები, „დედა“ და „მამა“ – არა, მხოლოდ „მშობელი“ უნდა იყოს ხსენებული და ა.შ. რაც არ უნდა მეგობრული დამოკიდებულება გქონდეს კონკრეტულ ქვეყნებთან თუ მის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ჩვენთვის ეს შემაშფოთებელი, უკიდურესად და კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძეს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ „ბერლინის კინოფესტივალზე მამუკა ხაზარაძის შვილის საპროდიუსერო კომპანიის მიერ ნამუშევარმა ფილმა ლგბტ ფილმების ჯილდო მიიღო“. მდინარაძის შეფასებით, საქართველოში არასდროს ხელისუფლებასთან ახლოს არ უნდა იყოს გაკარებული არცერთი ჯგუფი თუ ადამიანი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერია.
„ჩემი აზრით, საქართველოში არასდროს ხელისუფლებასთან ახლოს არ უნდა იქნას გაკარებული არცერთი ჯგუფი თუ ადამიანი, რომელიც ამ პროპაგანდის ავანგარდში ან მხარდამჭერი შეიძლება იყოს. მოცემულ სიტუაციაში ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ოჯახი, რომელიც აფინანსებს თავისი ფონდით ლგბტ პროპაგანდისტულ ფილმებს. უფლებების დაცვა აბსოლუტურად გასამიჯნი თემაა. არავინ უნდა შეეხოს არანაირი უმცირესობის უფლებებს, უმცირესობის წარმომადგენლებს და ჩვენ, ყველამ ერთად, ზედმიწევნით, კარგად უნდა დავიცვათ თითოეული მათგანის უფლებები. მეორე უდიდესი პრობლემა ისაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სხვადასხვა მასშტაბს იძენს და ოფიციალურ სტრუქტურებში შედის, არა მხოლოდ კინოების დონეზე, არა მხოლოდ შემოქმედებით დონეზე, არამედ უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ოფიციალურ სტრუქტურებში ამ პროპაგანდამ შეაღწია ოფიციალური გადაწყვეტილებების სახით. საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამისგან დაიცვას თავისი საზოგადოება, მომავალი თაობა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.