მამუკა მდინარაძე - საქართველომ და მისმა ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია, ჩვენ ევროპაში ვართ
ყველა გაგებით, ყველა ამპლუაში ჩვენ ყოველთვის უნდა გავიმარჯვოთ, საქართველომ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.
„30 მილიონი ლარი დამატებითი სტიმულია იმ ეროვნულ სიამაყესთან ერთად, რომ ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, ამ შემთხვევაში, შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რომ ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელიც დამატებით სტიმულს, მოტივაციას აძლევს ეროვნულ ნაკრებს. ძირითადი მოტივაცია არის ქვეყნის სიხარულის, ბრძოლის, გამარჯვების ჟინი, შენი ქვეყნის და ხალხის გახარების სურვილი. დამატებითი სტიმული, რა თქმა უნდა, უდიდესი მოტივაციაა. ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, მიღებული პრაქტიკაა და ძალიან მაგარია, რომ სოლიდური ჯილდო ერგებათ ჩვენს ბიჭებს.
ეს ერთადერთი თემაა, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აქაც რაღაცებს ჩააკვეხებენ ხოლმე. ასეთი გამაერთიანებელი თემა მეორე ხომ არ გახსენდებათ. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს 30 მილიონის გადახდა ნაკრების წევრებისთვისო. მოდით, აქ მაინც დავანებოთ ამას თავი. დიდი სიხარულთ გადასცემს ყველა ყველაფერს, რაც კი შეუძლია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის თითოეული ჩვენგანი. რაც კი შეგვიძლია, ყველაფერს გავიღებთ, რათა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ მეტი გამარჯვება მოიპოვოს და ეს ბრძოლის ჟინი დაანახოს მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, ამ ქვეყნის ღირსებასა და სიამაყეზე თუკი რაიმე მეტყველებს, გუშინდელი გამარჯვებაა ჩვენი ბიჭების, საქართველოს გამარჯვებაა.
„გუშინ საქართველომ და მისმა ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია. ამიტომ, ჩვენ, ჩვენი ეროვნული ნაკრები ემზადება მოგებისთვის, რადგან ხომ ვერავის წარმოედგინა ცოტა ხნის წინ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ჩვენს გუნდთან შეხვედრის დროს გოლისა და წარმატების გარეშე დატოვებდა მოედანს. ვერ წარმოედგინა ეს ვერავის, მაგრამ ეს შეძლეს ჩვენმა ბიჭებმა, რომელთა მოტივაციაც, კერპიც თავის დროზე რონალდუ იყო და მას მოუგეს ორთაბრძოლა. წარმოუდგენელი ამბავია, გულწრფელი მადლობა ასეთი სიამაყისთვის თითოეულ მათგანს.
ჩვენ ევროპაში ვართ, ჩვენ მენტალობით, ჟინით, ბრძოლით. შემთხვევითი არც ეს არის, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ. სამი-ოთხი დღის წინ ვთქვით, რომ მზე ევროპაში საქართველოდან ამოდის და პორტუგალიაში ჩადის. ძალიან სიმბოლური იყო. ყველაზე აღმოსავლეთი ნაწილი გუშინდელი გამარჯვებული საქართველოა, ყველაზე დასავლეთი არის პორტუგალია, რომელმაც იბრძოლა, არავინ თქვას, რომ არ იბრძოლა, მაგრამ დამარცხდა ამ შემთხვევაში სპორტულ ორთაბრძოლაში საქართველოსთან.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 26 ჩვენი დღეა. როგორი დატვირთვითაც გინდათ, წავიღოთ და წამოვიღოთ ეს დღე, 26 ქართული დღეა, 26 ქართული ახალი ისტორიის დაწერის დღეა და ასე იქნება ყოველთვის. 26 ნამდვილად ჩვენი დღეა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის ღირსებასა და სიამაყეზე თუკი რაიმე მეტყველებს, გუშინდელი გამარჯვებაა ჩვენი ბიჭების და საქართველოს გამარჯვებაა. ასეთი ღირსებით შევდგით ფეხი ევროპულ უდიდეს ტურნირში და ასეთი ღირსებით გავიმარჯვეთ, საბრძოლო ჟინით და დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებლობა, სიამაყე კიდევ უფრო განვამტკიცეთ. ასეთი შემართებით უნდა ვიყოთ ყოველთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.