მამუკა მდინარაძე - საქართველო ვერ იქნება კამიკაძე ქვეყანა, იქნება დამოუკიდებელი, ამაყი და განვითარებული, რომელიც თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით უზრუნველყოფს ამ სიამაყეს
მამუკა მდინარაძე - საქართველო ვერ იქნება კამიკაძე ქვეყანა, იქნება დამოუკიდებელი, ამაყი და განვითარებული, რომელიც თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით უზრუნველყოფს ამ სიამაყეს

საქართველო კამიკაძე ქვეყანა ვერ იქნება, იქნება დამოუკიდებელი, ამაყი და განვითარებული, რომელიც თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით უზრუნველყოფს ამ სიამაყეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, დოკუმენტებით ირკვევა, რომ საქართველოს დასანქცირება უნდოდათ და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებს უკვეთავდნენ.

„აშშ-ში მოქმედმა „რუსულმა კანონმა“, რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით, მთლიანად გააშიშვლა „ნაცმოძრაობისა“ და მათი პატრონების გეგმები. არცერთი ის წინადადება, რომელიც ამ კანონის თანახმად გამოქვეყნებულ დოკუმენტებში წერია, ჩვენ არ მოგვიფიქრებია. პირიქით, ჩვენთვისაც მოულოდნელობა იყო საქართველოს დამაზიანებელი პოლიტიკის ფონზე ასეთი ლუსტრაცია, რაც „ფარა“-ს მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა ამხილა. ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ საქართველოს დასანქცირება უნდოდათ და ქვეყნის წინააღმდეგ უკვეთავდნენ სანქციებს. ასევე, კამპანიები, რომლებიც დაორგანიზებული იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ, იყო დაფინანსებული და დაორგანიზებული. აქ უკვე ძაღლის თავია დამარხული, მხოლოდ ფულით ამის უზრუნველყოფა შეუძლებელია. აქ ორი მთავარი კომპონენტია. პირველი – ამ ადამიანებისთვის დავალებების მიმცემების ზრუნვა საქართველოსთვის დამაზიანებელ კამპანიაზე და მეორეა იმ ნაწილის ფორმალიზება, რაც საჭიროა, რომ ლობისტების მიერ იყოს მხარდაჭერილი. ანუ ცალკე ფული გადაიხადე და ამხელა კამპანიას ააგორებ, ასე არ ხდება. ამიტომ თავი დაანებონ იმ რიტორიკას, რომ თუ ფულის გადახდა უზრუნველყოფს ამხელა კამპანიას, „ქართულმა ოცნებამაც“ დააორგანიზოსო. ქცეცნობიერად ხვდებიან, რომ საქართველოს სასარგებლო კამპანიაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ამას მხოლოდ ფული ვერ უზრუნველყოფს. ამას უზრუნველყოფს გლობალური ომის პარტიის უდიდესი ინტერესი და ასევე ლობისტების მიერ ჩაშლილი კამპანია საქართველოს საწინააღმდეგოდ.

რაც ყველაზე მთავარია, მათ საქართველოსგან კამიკაძე სჭირდებათ. ჩვენ ამ ქვეყნისგან გვჭირდება ამაყი, თავისუფალი, განვითარებული ქვეყანა ამაყი ხალხით, რომელსაც ასე მარტივად ვერ მოერევიან და ქვეყანა, სადაც გადაწყვეტილებები ქვეყნის შიგნით მიიღება. ჩვენი ქვეყანა ასეთი იქნება და არა ის, რომ ვისაც მოუნდება, მსოფლიოში რაც არ უნდა გავლენიანი იყოს, დააწკაპუნებს და ქვეყანა ომში ჩაერთვება. ასევე თითს დააწკაპუნებს, მის აგენტურას მიუთითებს და ქვეყანა იმას გააკეთებს, რაც მას და მის ხალხს შეიძლება, არ სჭირდებოდეს, მაგრამ რაღაც სხვა დიდ ინტერესს სჭირდებოდეს. საბოლოო ჯამში, შეიძლება ეს ინტერესი სიკარგისკენ მიდიოდეს, მაგრამ ამ ქვეყნის განადგურების ფონზე ჩვენ არ ვაპირებთ, რაღაც სხვა ინტერესებს ვემსახუროთ. ჩვენი ოპონენტები, დავალებების შემსრულებლები სხვა ინტერესებს ემსახურებიან. ეს ქვეყანა კამიკაძე ქვეყანა ვერ იქნება, იქნება ამაყი, განვითარებული, დამოუკიდებელი თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით სწორედ ამ სიამაყეს უზრუნველყოფს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები 19 ივლისს გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.

ამასთან, 20 ივლისს ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია, რომელიც უცხოური მედიისთვის მომზადებულ მასალებს ეხება.