მამუკა მდინარაძე - საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, კომპრომისების გარეშე ეს წარმოუდგენელია
მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, ეს არის უალტერნატივო მიზანი, რაც ნიშნავს თითოეული ადამიანის უკეთესი ცხოვრების პირობებს და უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატიას. აქამდე მისასვლელ გზაზეც, ცხოვრების პირობები და დემოკრატიის ხარისხის ამაღლება მთავარი საზრუნავია, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ევროპული ოჯახის წევრობაა საქართველოს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და გადარჩენის ყველაზე მყარი გარანტია.
„ძალიან ხშირად გვისვამენ კითხვას, განსაკუთრებით მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რატომ ასეთი დონის კომპრომისები? ალბათ, ეს უხერხულობა შეგქმნიათ ბოლო დღეების განმავლობაში. რატომ კრიმინალური წარსულის და აწმყოს ადამიანების ასახვა შეთანხმების ტექსტში? ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვაა. იმიტომ, რომ არ დავაზიანოთ ის მთავარი მიზანი, რომელზეც მე ვსაუბრობდი. საქართველო უნდა გახდეს ევროპის, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამ გზაზე სიარული მარტივი ნამდვილად არ არის, ეს ყველამ ვიცით, კომპრომისების გარეშე ეს არის წარმოუდგენელი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, საერთოდ არავის ემახსოვრება, ვინ რა დაგვაბრალა ან რამდენჯერ გადათქვეს თავისი ნათქვამი რომელიღაც პარტიის ფორმალურმა, თუ არაფორმალურმა ლიდერებმა, კრიმინალმა ლიდერებმა, მაგრამ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება საქართველოს ისტორიის ყველაზე პოზიტიური ფურცელი იქნება. ამ ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებიც ამას ეროვნული ფასეულობების დაკნინებასაც კი უკავშირებენ ხოლმე და ეს არის წმინდა რუსული პროპაგანდა ისევე, როგორც დეზინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით ასე მძლავრად არის ამ ქვეყანაში. თუმცა, პირიქით, ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ევროპული ოჯახის წევრობაა ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების და გადარჩენის ყველაზე მყარი გარანტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.