მამუკა მდინარაძე - საქართველო, ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას, ნებისმიერ ფასად შეძლებს, უზრუნველყოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა
ქართველი, საქართველო, ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას, ნებისმიერი რამის ფასად შეძლებს, რომ უზრუნველყოს, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.
მდინარაძის თქმით, 9 აპრილი არის როგორც ტკივილის, ასევე გამარჯვების დღე.
„ეს არის დღე, რომელიც, ერთი მხრივ, ასოცირდება ტკივილთან, რაც თან სდევდა იმ ადამიანების დაღუპვას, ვინც იბრძოდნენ და, მეორე მხრივ, ორი წლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, სიმბოლიზმმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ამ თარიღს, დიდი სიხარული შესძინა. ეს არის გმირობის და ისეთი მაგალითის დღე, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდნონ. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომლისთვისაც ქართველები იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში და ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდი. ქართველი, საქართველო, ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას, ნებისმიერი რამის ფასად შეძლებს, რომ უზრუნველყოს, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი. დღევანდელი დღის მაგალითიც ამაში მდგომარეობს“, – განაცხადა მდინარაძემ.