მამუკა მდინარაძე - საქართველო დღეს უარს ამბობს ისეთ სანქციებზე, რომელიც, უპირველესად, ჩვენს ქვეყანას დააზიანებს
საქართველო დღეს უარს ამბობს ისეთ სანქციებზე, რომელიც, უპირველესად, ჩვენს ქვეყანას დააზიანებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“, მისი დანაყოფების წარმომადგენლებს და მათ ლობისტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ აქვთ ე.წ. პრეტენზიები სანქციებთან დაკავშირებით, რითაც ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას.
„საუბარია ძირითადად სავაჭრო და სხვა სახის სანქციებზე. ეს შეიძლება, იყოს სავაჭრო სანქციები. მათ შორის მსგავსი სანქციები 2014 წლიდან დაწესებული აქვს საქართველოს და მიერთებულია ყირიმთან დაკავშირებით რა სანქციებიც იყო, იმ სანქციებს, პრაქტიკულად ყველას და რაც არ უნდა ირონიული იყოს, ოკუპანტ მხარეს აქეთ აქვს გარკვეული სანქციები დაწესებული ოკუპირებული ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. მათ შორის ფრენები აქეთ აქვს გაჩერებული და ამასთან ერთად, სხვადასხვა სანქცია აქვთ დაწესებული. შესაბამისად, ის, რაც შესაძლებელი იყო, შესაძლოა, პრეზიდენტი ამას გულისხმობდა, ამ ქვეყნისთვის მძიმე დაზიანების გარეშე, ასეთ სანქციებს საქართველო მიერთებულია მაშინ, როცა სხვა ქვეყნები მსგავს სანქციებს შესაძლებელია, საერთოდ არ იყვნენ მიერთებული.
დღეს, როდესაც არის იმგვარ სანქციებზე საუბარი, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს დააზიანებს და შეიძლება, მხოლოდ საქართველო დააზიანოს, ამაზე ამბობს საქართველო უარს. ორი მიმართულება აქვთ ჩვენს ოპონენტებს. რასთან დაკავშირებით აქვთ ე.წ. პრეტენზიები „ნაცმოძრაობის“ და მისი დანაყოფების წარმომადგენლებს და მათ ლობისტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რითაც ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას – ერთი არის სანქციები. დეტალურად არავინ მსჯელობს იმაზე, ეს სანქცია დააზიანებს თუ არა ქვეყანას. არავინ გვეკამათება. მაგალითად, რაღაც სანქციები რომ ჩამოთვალონ, არ იქნება ქვეყნისთვის დამაზიანებელი და იქნება რუსეთისთვის მხოლოდ დამაზიანებელი… ამაში არავინ შედის, რადგან აქ აქვთ წამგებიანი პოზიცია. ნეგატიური და ზერელე პიარის ფონზე ადგილზე რჩებიან და აქედან გვიტევენ.
მეორე იყო მოხალისეებზე დასტურის არმიცემა. რეალურად თვითმფრინავი არც აფრენილა. საქართველოს ბევრმა მოქალაქემ ეს არც იცის, უბრალოდ დასტური არ მისცა საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად. არათუ დასტური არ მისცეს, აშშ-ის, ბრიტანეთის ლიდერები მოუწოდებენ თავის მოქალაქეებს, რომ მოხალისეებად არ წავიდნენ უკრაინაში. ანუ ამ მიმართულებით ჩვენზე მეტს შვრებიან. ჩემი აზრით, რეალურია, სწორია, რაციონალურია, პრაგმატულია ლიდერების განცხადებები, ასევე საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ ოფიციალურ თანხმობას მოხალისეების გადაყვანის შესახებ მთავრობა ვერ და არ მისცემს თავის მოქალაქეებს, თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.