მამუკა მდინარაძე - საქართველო არასოდეს გადაუხვევს კურსს, რომელიც კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის მიმართულებით ავსახეთ
საქართველო არასოდეს გადაუხვევს კურსს, რომელიც 2017 წელს კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის მიმართულებით ავსახეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ 2019 წლის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პოლარიზაციის შესუსტების მოწოდება ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ პოლარიზაციის ძირითადი წყარო ხელისუფლება არ არის.
„ბუნებრივია, ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომლის მიხედვით, საქართველო რჩება რეფორმების ერთგული დემოკრატიის განვითარების გზაზე. საქართველო არასოდეს გადაუხვევს იმ კურსს, რომელიც 2017 წელს კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის მიმართულებით ავსახეთ. თავის მხრივ, როცა ევროკავშირი მოგვიწოდებს, რომ პოლარიზაცია შესუსტებული და განეიტრალებული იყოს, ეს არის ბუნებრივი რეაქცია. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ პოლარიზაციის ძირითადი წყარო ხელისუფლება ნამდვილად არ არის. დღეს კამათი იმაზეც კი წავიდა, რას ნიშნავს სიტყვა – კომპრომისი. ოპონენტებს შევახსენებ, რომ ეს არის ურთიერთშეთანხმება და ურთიერთდათმობა, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ერთი მხრიდან კომპრომისული ვარიანტია შეთავაზებული, მეორე მხრიდან ულტიმატუმის სახით საუბარი არ იყოს და მსჯელობა შედგეს კომპრომისზე, რაც საბოლოო ჯამში, კონსენსუსით შეთანხმებაში დაგვეხმარება“, – განაცხდა მამუკა მდინარაძემ.
,,საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში.