მამუკა მდინარაძე - საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით, პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ
მამუკა მდინარაძე - საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით, პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას ეხმაურება.

„პრეზიდენტის წარმომადგენელმა თქვა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდაო, ამიტომ 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა და წავიდაო. იმავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურია – მათი ლოგიკით, შეუძლია მართოს ქვეყანა. მეორე ნაწილის მიხედვით, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია – მათი ლოგიკით, თავდაცვის სამინისტრომ და ჯარმა მისი მითითებები უნდა შეასრულოს. საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით. სტატუსის მუხლია ეგ, სტატუსის, უფლებამოსილების 52-ე მუხლია. მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ. არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას“, – წერს მამუკა მდინარაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.