მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერებას მამუკა ბახტაძეც ეთანხმება
პარლამენტისა და საზოგადოების ინტერესია, რომ ხელისუფლების საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობა გაძლიერდეს და ამას ნებისმიერი მინისტრობის კანდიდატი წინასწარ იქნება შეგუებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრობის კანდიდატების შერჩევა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა და მამუკა ბახტაძეს აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მმართველ გუნდთან ჯერ არ გაუმართავს.
მისი თქმით, მამუკა ბახტაძე უმრავლესობასთან კონსულტაციებს გამართავს.
„საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება, მიხვდა, რატომ განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები და საპარლამენტო რესპუბლიკაში საპარლამენტო როლი რამდენად იწევს. შესაბამისად, საზოგადოების დიდი ნაწილი იმასაც ხვდება, რომ პარლამენტი გაცილებით ხისტი იქნება. საპარლამენტო კონტროლი გაცილებით გაძლიერებული იქნება.
ბუნებრივი ამბავია, რომ საზოგადოება განვითარებულ პროცესებზე პასუხს პირველ რიგში დეპუტატებს სთხოვს. ამიტომ, პარლამენტი აღნიშნული მოთხოვნის მიმართ ადეკვატური იქნება და საზედამხედველო ფუნქციას გაამკაცრებს. ამაში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, ახალი რეგლამენტი, საზოგადოებრივი და გუნდის შიგნით არსებული განწყობა დაგვეხმარება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი შეფასებით, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც ეთანხმება.
„მამუკა ბახტაძის განწყობა ვიცი, რომ ქვეყანაში საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერებას ეთანხმება. ეს ერთ-ერთი არგუმენტია, რომ მას მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა და შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტს გადაუგზავნა. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განკარგულება უკვე გამოსცა.