მამუკა მდინარაძემ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება გაიხსენა - „თუ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას“
საპარლამენტო ოპოზიციას არ აინტერესებს, რა ხდება საქართველოს თავდაცვის სფეროში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2017 წელს, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა 78-ე მუხლი: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ბატონო ირაკლი, დღეს ჩვენ თქვენგან მივიღეთ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია კონსტიტუციის ამ დავალების შესასრულებლად რა კეთდება და რა ღონისძიებებს ატარებს თქვენი უწყება. მე ქედს ვიხრი ყველა ჯარისკაცის და ყველა სამხედრო პირის წინაშე. დარწმუნებული ვარ ეს მიზანი აღსრულდება, აქ საუბარია მხოლოდ დროზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, დღეს პლენარული სხდომების დარბაზის წინა სამი რიგი ცარიელი იყო, რადგან საპარლამენტო ოპოზიციას არ აინტერესებს, რა ხდება საქართველოს თავდაცვის სფეროში.
„ისინი არ ერთვებიან დისკუსიაში თქვენთან და ამის მიზეზი შეძლება იყოს რამდენიმე. პასუხი პირველი – ისინი ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და საუბრობდნენ ვითომ დასავლურად, ცდილობდნენ ეს რუსული საქმე დაებრალებინათ სხვისთვის და დღეს ეს გაუჭირდებოდათ. პასუხი მეორე – მათ რეალურად თქვენთან კითხვები არ აქვთ. პასუხი მესამე – ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მათი დღევანდელი ერთ-ერთი ლიდერი ე.წ პოლიტპატიმარი ასე ფიქრობს და მოდით მას თავად მოვუსმინოთ: (ირაკლი ოქრუაშვილის აუდიო ჩანაწერი) „ეს ონკანი მდებარეობს დიღომში ამერიკის საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას“, – განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს არის ოპოზიციის პასუხი, მათი რეალური სახე და ეს მათ ყოველთვის უნდა გაახსენდეთ, როდესაც ვინმეს პრორუსულობას დააბრალებენ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ივლის იმ გზაზე, რაც მისი ინიციატივით საქართველო კონსტიტუციაში ჩაიწერა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.