მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო არჩევნები დღევანდელი კანონმდებლობით თუ ჩატარდა, „ქართული ოცნება“ ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა
თუ ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდება, შესაძლოა, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა გაგვიჭირდეს, თუმცა თუ საპარლამენტო არჩევნები დღევანდელი კანონმდებლობით ჩატარდა, ანუ, 77/73-ზე პრინციპით, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, „ქართული ოცნების“ პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით.
მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებას კომპრომისულ ვარიანტს არ შესთავაზებს, მხარეები შეთანხმებას საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად ვერ მიაღწევენ და ოპოზიცია ულტიმატუმზე დარჩება, ამ შემთხვევაში მმართველ გუნდს მოუწევს, არჩევნები არსებული სისტემით ჩაატაროს.
„დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა. მოლოდინი მაქვს, 50-დან 60 პროცენტამდე ხმების მიღების, ეს არის რეალური მონაცემები და შედეგები“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძე პარტიულ რეიტინგებზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. „როცა ოპოზიცია ამომრჩეველს ატყუებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 20-25 პროცენტი აქვს, ამას ფსიქოლოგიური ზეწოლის ხერხად იყენებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.