მამუკა მდინარაძე - ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა, სანქციები მკაცრი მოეჩვენოს, თუმცა ის ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული სანქციები შესაძლოა ზოგიერთ მოქალაქეს მკაცრი მოეჩვენოს, თუმცა ის უზრუნველყოფს იმას, რომ პირები თვითიზოლაციისა და კარანტინის წესებს აღარ დაარღვევენ.
მდინარაძე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
თუმცა, მისივე განმარტებით, არსებობს კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევები, რის გამოც სანქციების შემოღება საჭირო გახდა.
„მადლობას ვუხდი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც ცვლილებები ძალიან სწრაფად მოამზადა. 3000 ლარი სანქცია იქნება პირველ შემთხვევაში, რაც ადეკვატურია. ზოგს შეიძლება მკაცრად მოეჩვენოს და არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეიძლება თქვან, რომ ამ პირობებში არ იყოს მკაცრი. განმეორებით შემთხვევაზე ერთ წლამდე პატიმრობა არის მკაცრი, თუმცა ადეკვატური და პროპორციული სანქცია, რაც უზრუნველყოფს, რომ თვითიზოლაციისა და კარანტინის წესები კონკრეტულმა პირებმა არ დაარღვიონ. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით არ ტოვებს თავის საცხოვრებელ ადგილს და კარანტინის პირობებს არ არღვევს, მაგრამ არსებობენ ცალკეული გამონაკლისები, ვისთვისაც, როგორც ჩანს, სანქცია საჭირო გახდა და ეს სანქცია მალე მოქმედებაში იქნება. ეს პრევენციას უზრუნველყოფს და რისკებს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მინიმუმამდე დაიყვანს. მთავრობასთან ერთად რისკების შემცირებაზე კოორდინირებულად ვმუშაობთ“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.