მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, პოლონური მხარე აპელირებს, რამდენად თანამშრომლობის გათვალისწინებით გამოქვეყნდა კადრები, ეს ნიშნავს, რომ თავად ფაქტზე სათქმელი არაფერი აქვს
მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, პოლონური მხარე აპელირებს, რამდენად თანამშრომლობის გათვალისწინებით გამოქვეყნდა კადრები, ეს ნიშნავს, რომ თავად ფაქტზე სათქმელი არაფერი აქვს

პოლონური მხარე აპელირებს, რამდენად თანამშრომლობის გათვალისწინებით იყო გამოქვეყნებული კადრები. ეს ნიშნავს, რომ თავად ფაქტზე სათქმელი არაფერი აქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო უწყების განცხადების თაობაზე აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, ინციდენტის ამსახველი კადრები რომ არ გამოქვეყნებულიყო, მაშინ დაისმებოდა კითხვები, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რატომ არ მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებას? მამუკა მდინარაძის შეფასებით, ბიოლოგიური ნიმუშის მალულად გატანა სააკაშვილთან დაკავშირებით ყალბი დასკვნის გაკეთებას ისახავდა მიზნად.

„პოლონური მხარე დისკუსიაში შემოვიდა, მაგრამ როცა ამ დისკუსიას მხარეები ჰყავს, ჰყავს მართალი მხარეც. სამწუხაროდ, პოლონური მხარე აპელირებს, რამდენად რელევანტური, კანონიერი და თანამშრომლობის გათვალისწინებით იყო გამოქვეყნებული კადრები. ეს ნიშნავს, რომ თავად ფაქტზე სათქმელი არაფერი აქვს. განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ თქვენ რაც წამიკითხეთ, იქიდან არ იკითხება სინანული და ძალიან სამწუხარო ფაქტის აღიარება, რომელიც, რომ არ გამოქვეყნებულიყო, რამდენიმე დღეში ყალბი დასკვნა გვექნებოდა, რომლის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ იარსებებდა. შემდეგ თქვენ მკითხავდით, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რატომ არ გამოაქვეყნეთ, არ უთხარით საზოგადოებასო. ჩვენ გვექნებოდა ყალბი დასკვნა, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია. ამის შემდეგ ქართულ სახელმწიფოს არავინ გვაპატიებდა, რომ ეს კადრები არ გავასაჯაროეთ. იკვეთება სამწუხარო რეალობა, რომ მთავარზე არ არის აქცენტი და გადატანილია სხვა მიმართულებით, რამდენად სწორი იყო ამის გამოქვეყნება. რამდენიმე დღეში იქნებოდა ყალბი დასკვნა და მთელ მსოფლიოს შესაღდებოდა, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია. თავად ექიმი ამაში ჩართული კი არა, შემოქმედი იყო, როგორ უნდა გაყალბებულიყო დასკვნა, ამაზე ვერავინ იკამათებს. ჩემი აზრია, რომ უნდა გასაჯაროებულიყო, რადგან ყალბი დასკვნა დაგვეწეოდა, რაზეც თავს ვეღარ ვიმართლებდით. თავად ფაქტი არის ძალიან ცუდი და მიზნად ისახავდა გაყალბებას. სააკაშვილს მოწამვლის არანაირი ნიშანი არ აქვს და ამის გაყალბებას ცდილობდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა ემოციური განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს. განცხადების თანახმად, „პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას“.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.