მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, დღეს აგენტურას აქვს აღებული მონოპოლია ოპოზიციონერობაზე, რაც უნდა დამთავრდეს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში აგენტურას აქვს აღებული მონოპოლია ოპოზიციონერობაზე, რაც უნდა დამთავრდეს და ქართული პოლიტიკა გაჯანსაღების გზას დაადგეს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს არა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, არამედ საქართველომ უნდა გაიმარჯვოს თავის მოწინააღმდეგეებზე.
„ოპოზიციას წარმატების თეორიული შანსი რომ არ აქვს, ეს ყველამ კარგად იცის და იმის იმედად არის დარჩენილი, ვინ რა მაშველ რგოლს გადმოუგდებს ქვეყნის გარედან. თუმცა ნებისმიერი მსგავსი მოქმედება იქნება, ერთი მხრივ, მათი აგენტობის დამამტკიცებელი კიდევ ერთი, დამატებითი მტკიცებულება, მეორე მხრივ კი, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა. ამას ჩვენ, ქართველები, არ გავატარებთ, ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მთავარი ღირებულებაა დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის, რომლისთვისაც ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს ბრძოლას.
ურთულესია იმ გზაზე სიარული, სადაც თანაბრად უნდა უზრუნველყო ქვეყნის სუვერენიტეტი, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის დაცვა, დეოკუპაციის და შერიგების გზაზე უშეცდომო სვლა, ეკონომიკის შეუქცევადი განვითარება, ადამიანის უფლებების სრული დაცვა, მშვიდობა, პროგრესი, ქვეყნის ევროინტეგრაცია. ცალკე აღებული რომელიმე ამ მიმართულების უზრუნველყოფა, შეიძლება, შედარებით ადვილიც კი იყოს ან ერთის ხარჯზე მეორე უფრო ადვილად გამოგვივიდეს. ეს ყველაფერი ერთად კი ურთულესი აღსასრულებელია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ ყველამ ერთად. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს, რაც შეიძლება მალე, ურთიერთპატიებით, შერიგებით და სიყვარულით. ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე როდესაც ვლაპარაკობთ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია გვინდა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და არა – რომელიმეს ხარჯზე ან სანაცვლოდ.
26 ოქტომბერს არა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, არამედ საქართველომ უნდა გაიმარჯვოს თავის მოწინააღმდეგეებზე, ამიტომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, მეგობრებო, გაუმარჯოს! ჩვენს ბევრ გამარჯვებას გაუმარჯოს!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.