მამუკა მდინარაძე - სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“ კრიტიკულად აფასებს ადამიანი, რომელიც „გუგლშიც“ კი იძებნება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი
ფაქტია, რომ „გუგლშიც“ კი იძებნება ეს ადამიანი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი. „გუგლში“ უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია ამოვარდა, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას კონგრესმენ მაიკ ტერნერთან დაკავშირებით.
მდინარაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები კრიტიკულად აფასებენ „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როცა დემოკრატიის ოაზისად იხსენიებენ ხოლმე სხვა ქვეყნებს, რომლებსაც მაინცდამაინც დიდი დემოკრატიული მიღწევები არ აქვთ.
„გულწრფელად გითხრათ, ამ კონგრესმენის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. როდესაც ჩვენ მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები გააკეთა, „დავგუგლე“ და „გუგლში“ ამოვარდა უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია, მათ შორის, „გუგლში“ ის მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი. ახლა ჩაყოლა იქ აღარ ღირდა, რადგან შეიძლება ამოვარდნილიყო „გლობალური ომის პარტიაც“ და ასეთი რაღაცებიც, შემდეგ „გუგლზე“ გაბრაზდებოდნენ საქართველოში ძალიან, საიდან მოიგონა „გუგლმა“ ეს ამბებიო და დავანებე თავი. მაგრამ ფაქტია, რომ, ერთი მხრივ, „გუგლშიც“ კი იძებნება ეს ადამიანი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი, რაც სამწუხაროა. ისიც სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ჩამოდიან და, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კრიტიკულად აფასებენ „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც იგივე ადამიანები, არა მხოლოდ ისინი, სხვა ქვეყნებს, რომლებსაც დემოკრატიული მიღწევები მაინცდამაინც დიდი არ აქვთ, დემოკრატიის ოაზისად იხსენიებენ ხოლმე, საქართველოს – პირიქით. ამას კონკრეტული მიზეზები აქვს და ქართული საზოგადოება ამ მიზეზებში, უკვე რამდენიმე თვე ან რამდენიმე წელია, კარგად გაერკვა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.