მამუკა მდინარაძე - სამწუხაროა, როდესაც გუნდურობის პრინციპს, რეგლამენტის წესის დარღვევასა და მოსამართლეების საკითხს ერთმანეთთან აკავშირებენ
სამწუხაროა, როდესაც გუნდურობის პრინციპს, პროცედურების, რეგლამენტის წესის დარღვევასა და მოსამართლეების საკითხს ერთმანეთთან აკავშირებენ, – მის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებებითა და განცხადებებით პოლიტიკური ოპონენტების წისქვილზე წყლის დასხმა არ შეიძლება.
„აუცილებლად შევხვდები ეკა ბესელიას და ფრაქციის ყველა წევრს ვისაც ამის სურვილი ექნება. გუშინ იყო ფრაქციის სხდომა. ჩვენ ვამბობდით ამ დახურულ სხდომაზეც და გარეთაც ვიმეორებთ, ვუფრთხილდებით გუნდის თითოეულ წევრს. ჩვენ გუშინ არც ერთი სიტყვა არ დაგვიძრავს. არც ფრაქციის რომელიმე წევრს, არც პარტიის ხელმძღვანელს არ უსაუბრია ვინმეს გარიცხვაზე. ჩვენ მივიღეთ ყველაზე რბილი გადაწყვეტილება იმ შემთხვევისათვის, როდესაც ერთი მხრივ, გუნდურობის წესი დაირღვა, ხოლო მეორე მხრივ, პროცედურები და რეგლამენტის წესი. ამ რბილი გადაწყვეტილების ფარგლებში გამოვიწვიეთ კომიტეტიდან გედევან ფოფხაძე, რომ გარკვეული უხერხულობა თავად მასაც კი მოხსნოდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, მან და თალაკვაძემ დაურეკეს თუ არა გედევან ფოფხაძეს და კომენტარის გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩიეს, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტი ნამდვილად იყო.
„ძალიან ხშირად არის ხოლმე ჩემი მხრიდან ასეთი ზარები ფრაქციის წევრებთან, როდესაც ხდება პოზიციების შეჯერება გუნდის შიგნით, როდესაც ხდება ამ პოზიციების გახმოვანება, შეჯერებული პოზიციების შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც გუნდის შიგნით მათ შორის სატელეფონო საშუალებით თანხმდება ხოლმე კონკრეტული პოზიციის გახმოვანების საკითხი. მე წინასწარ ნამდვილად არ ვიცოდი, ვის დაასახელებდნენ. გედევან ფოფხაძემ თავად მითხრა, რომ იყო კონტაქტზე ანა დოლიძესთან და სხვათა შორის მისგან შევიტყვე იმ მოსამართლეების ვინაობის შესახებ. ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი, რაც ხდება ყოველ დღე, ჩვენი ზარები ერთმანეთთან, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. მე როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა მოვახდინე კოორდინირება. დავალებებს არ ვაძლევ, ვუთანხმებ გუნდის წევრებს, რომ შეჯერებული პოზიცია გავახმოვანოთ მედიასთან, საზოგადოებასთან. ჩვენ წინასწარ ვერ გავთვლით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე დამოუკიდებელი ორგანო. წინასწარ ამასთან დაკავშირებით მესიჯების გაშვება ყოველთვის იწვევს დაბნეულობას, გაურკვევლობას და ეს იყო ამის მიზეზი”, – აღნიშნა მდინარაძემ.
კითხვაზე, გუშინდელ შეხვედრაზე იყო თუ არა მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბარი, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კონკრეტული პერსონალიების განხილვა არ ყოფილა.
„საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ თითოეული კითხვა, რაც იმ კონკრეტული პერსონების მიმართ ისმება, რაც საზოგადოებაში არის. უნდა ავწონოთ ყველა არგუმენტი და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. პარლამენტმა სწორედ ამ მიზნით აიღო ის ხანგრძლივი ვადა, რამაც გადაწია ამ გადაწყვეტილების მიღება მინიმუმ ერთი თვით. ზუსტად ეს აზრი დააფიქსირა ბიძინა ივანიშვილმა, რასაც ახლა ვაცხადებ და ეს იყო საერთო პოზიცია. არ შეიძლება ასე ინდივიდუალურობის გარეშე 10 მოსამართლეს ვუჭერ თუ არა მხარს შევაფასოთ. შეიძლება ვიღაცას დაუჭიროს პარლამენტმა მხარი, ვიღაცას არ დაუჭიროს. ამიტომ ამაზე წინასწარ კითხვის დასმაც კი შეიძლება რელევანტურიც არ იყოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.