მამუკა მდინარაძე - გიგა ბოკერიამ ჯერ საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს
სამპროცენტიანი პარტიის უმანდატო ლიდერი საზოგადოებას რევოლუციისკენ რომ მოუწოდებს და თან ვალდებულებას აკისრებს, სასაცილოა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე შეფასებით, გიგა ბოკერიამ ჯერ საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს.
„სამპროცენტიანი პარტიის უმანდატო ლიდერი საზოგადოებას რევოლუციისკენ რომ მოუწოდებს და თან ვალდებულებას აკისრებს, სულ ცოტა სასაცილოა. იმ პირობებში, როცა პრაქტიკულად, ვირუსის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ომია, ამ დროს ასეთი განცხადებები საკუთარი ქვეყნისთვის ომის გამოცხადებაა, თუმცა მათ დიდად არაფრის თავი არ აქვთ. რეალურად, მათ საშუალება აქვთ, რომ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის რაიმე სახის ფარგლებს, გადაწყევტილება მიიღონ სახელმწიფოებრიობის სასარგებლოდ და პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ბოკერია ისედაც ვერ შემოდის. ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს, მაგრამ გარანტიას ვაძლევ, არ გამოუვა.
დანარჩენებს, ვისაც მისი ბულინგის დაქვემდებარება ესირცხვილება, შეგვიძლია, მოვუწოდოთ, რომ პარლამენტში მოვიდნენ და საქმე გააკეთონ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. ბოკერიას განცხადებები არის სასაცილო. მათივე ენაზე ვიტყვი, ისინი „აპრავებენ“ ძალადობას. ადრე გახსოვთ, მან ლეგიტიმური ძალადობა თქვა. ისინი ლეგიტიმაციას ვერ შესძენენ ვერც ძალადობას, ვერც ვითომ გაყალბებულ არჩევნებს. ადამიანმა, ვინც საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს, არ შეიძლება, ვიღაცას ძალადობის, სიცრუის დემონსტრირების ან მისი მომხრეობის ვალდებულება დააკისროს. არ შეიძლება, ამ ქვეყანაში ბოკერიას მომხრე იყო და მის ჭკუაზე დადიოდე“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.