მამუკა მდინარაძე „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს, ხმის პარალელური დათვლის მონაცემები გამოაქვეყნოს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც აქვს ინფორმაცია, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს უკრძალავენ ხმის პარალელური დათვლის მონაცემების გამოქვეყნებას.
მდინარაძის თქმით, USAID-ის მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კეთილი უნდა ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც გამოაქვეყნოს მონაცემები.
„ჩემი ბრიფინგის თემა არის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ვერ თუ არგაკეთებული განცხადება. როგორ ჩვენთვის ცნობილია – შევეცდები, დავაზუსტო ეს ინფორმაცია – „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი, მას უკრძალავენ ხმის პარალელური დათვლის მონაცემების გამოქვეყნებას. უკვე დღე-ნახევარია გასული და ე.წ. სამართლიანი არჩევნები ვერ ახერხებს, რომ გამოაქვეყნოს ხმის პარალელური დათვლის მონაცემები.
შეგახსენებთ, რომ ეს არის ის ორგანიზაცია, რომელმაც შეცდომად აღიარა, და ჩვენ მაშინ, 2020 წელს უმალვე ვამცნეთ საზოგადოებას, რომ გაყალბებული იყო არა არჩევნები, არამედ ხმის პარალელური დათვლის მონაცემები. ოღონდ ეს შეეხებოდა მხოლოდ 2 პროცენტს. შემდეგ მათ სცადეს ამის გამოსწორება შეცდომის დარქმევით, ხოლო წელს ისინი უკვე დღე-ნახევრის განმავლობაში ვერ თუ არ აქვეყნებენ ხმის პარალელური დათვლის მონაცემებს.
ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება USAID-ის მიერ. ანუ, პირდაპირ აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩვენ, ყველანი ერთად, მოვალენი ვართ, გავუფრთხილდეთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის იმიჯს. მისმა დაფინანსებულმა ორგანიზაციამ კეთილი ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც გამოაქვეყნოს ხმის პარალელური დათვლის მონაცემები.
გუშინ მათ გაავრცელეს ერთადერთი განცხადება, სადაც, სხვათა შორის, ისე, რომ ალბათ არავის გაეგო, ჩაწერილი იყო ასეთი სიტყვები: „ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს“. ეს საკმარისი არ არის. კი ბატონო, დიდი მადლობა ობიექტურობისთვის. გასაგებია, ე.ი. შედარება შედარებას შეესაბამება, დაახლოებით ასეთი რაღაც თქვეს. ანუ, როგორც ჩანს, რაც შეიძლება ბუნდოვანი სიტყვები უნდა ყოფილიყო მათ განცხადებაში, რომ ყველას ვერ გაეგო, რაშია საქმე. გასაგებია, რომ აღიარეს ცესკო-ს მონაცემები და თქვეს, რომ ერთი ერთში დაემთხვა ხმის პარალელური დათვლის მონაცემები, მაგრამ ასე სადღაც გაპარებული, სხვათა შორის ნათქვამი კი არა, კეთილი ინებონ, გამოვიდნენ, როგორც სხვა შემთხვევაში აკეთებდნენ და მოახსენონ საზოგადოებას თითოეული ხმის შესახებ, რამდენი ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, რა დაჯდა ხმის პარალელური დათვლის მონაცემებით, რამდენი – გვარამიამ, „ნაცმოძრაობამ“ თუ ა.შ. ეს საერთოდ ბოლომდე გააქრობს მანიპულაციის სივრცეს. თეორიულადაც შეუძლებელია, მაგრამ თეორიულად ვთქვათ ეს სიგიჟე, იქნებ გვარამიამ რომ გამოგიქვეყნა 40 თუ 41 პროცენტი, ის არის მართალი, გვაინტერესებს „სამართლიანი არჩევნებისგანაც“. ანუ, იმხელა მარაზმში არიან წასული, რომ დღე-ნახევარი არ აქვეყნებინებენ ნინო დოლიძეს ხმის პარალელური დათვლის მონაცემებს. წინა შემთხვევაში გამოაქვეყნებინეს ყალბი მონაცემები, სხვა იყო მაშინ ISFED-ის ხელმძღვანელი, ახლა საერთოდ უკრძალავენ, რომ დადოს მონაცემები, რადგან ეს მონაცემები ერთი ერთში ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს. მერე რაღა უნდა თქვან გაყალბებაზე, ხომ?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“ (ISFED ) განაცხადეს, რომ ორგანიზაცია ხმების პარალელური დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს.
„ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე“, – აღნიშნეს ორგანიზაციაში.