მამუკა მდინარაძე - სამართლებრივი საკითხები რომ წესრიგში არ აქვთ, პოლიტიკურ ზეწოლაზე გადადიან, დაუბრუნდნენ გეგმას, მიხეილ სააკაშვილი გარეთ, რაც თავშივე ჩაფლავდა
მილიონი გეგმა ჰქონდათ, თუმცა მათმა ვერცერთმა გეგმამ რომ ვერ გაამართლა, ისევ „ა“ გეგმას დაუბრუნდნენ — მიხეილ სააკაშვილი გარეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მილიონი გეგმა ჰქონდათ, თუმცა მათმა ვერცერთმა გეგმამ ვერ გაამართლა.
„მათი პირველი გეგმა იყო საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა. მოატყუეს, რომ აქ დახვდებოდა 200 ათასი ადამიანი, რევოლუცია მოხდებოდა და სააკაშვილი როგორც კი გამოჩნდებოდა, ყველაფერი დაინგრეოდა. ჩამოიყვანეს და შეიძლება, მის მიმართ რაღაც ვალდებულებები აქვთ. როცა გეგმა „ა“ არ გამოუვიდათ, გეგმა „ბ“-ზე გადავიდნენ. მილიონი გეგმა ჰქონდათ, თუმცა მათმა ვერცერთმა გეგმამ რომ ვერ გაამართლა, ისევ „ა“ გეგმას დაუბრუნდნენ — მიხეილ სააკაშვილი გარეთ. სხვა მათი გეგმა რამდენად უსუსური იყო, რომ გეგმა „ა“-ს დაუბრუნდნენ? სააკაშვილის შემთხვევაში, მათი განცხადებები სპეკულაციურია. რატომ ვერ ვიხსენებთ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზს? რეალური დიაგნოზი ჯერ არავის დაუდვია. შემდეგ დემენცია თქვეს. ეს ადამიანი უჯერებს თუ არა ექიმებს? მათ რჩევებს ითვალისწინებს? არ იკურნება საქართველოში? ქართველი და უცხოელი ექიმების ჩართულობით მკურნალობა რა პრობლემაა? არის თუ არა კრიტერიუმებში ის დიაგნოზი, რაც გათავისუფლებას ითვალისწინებს?
თუ მათ უნდათ, რომ ეს ადამიანი ქართულ კანონმდებლობას, პოლიტიკურ რეალობას ააშორონ და პოლიტიკური ზეწოლით ციხიდან გამოუშვან, ეს არ არის პოლიტიკური თემა. პოლიტიკური თემა 2012 წლამდე იყო, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და შესაბამისი კრიტერიუმები გაწერილია კანონებში, აქტებში. სამართლებრივი საკითხები რომ წესრიგში არ აქვთ, პოლიტიკურ ზეწოლაზე გადადიან. ანუ, „ა“ გეგმას დაუბრუნდნენ, რაც თავშივე ჩაფლავდა. ერთი წლის განმავლობაში დიაგნოზი ვერ მოიფიქრეს. ამბობენ, კვდება, გადაადგილება უჭირსო. თუ მართლაც ისეთი რამე სჭირს, რაც კრიტერიუმებში ჯდება, რაც გათავისუფლების საფუძველია, აქამდე იტყოდნენ. არ მგონია, თავად სააკაშვილმა კარგი პასუხი გასცეს იმაზე, გონებრივი ჩამორჩენილობა აქვსო. წარმოიდგინეთ, გასულ კვირას ისეთი რაღაც თქვეს, სააკაშვილმაც რომ არ იკადრა, მისი უკადრებელი რომ არაფერია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.