მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა ხუთი სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება - ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი
მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა ხუთი სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება - ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში დიასპორასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ზურაბიშვილი არჩევნების შემდგომ პერიოდზე და ოპოზიციური პარტიების ურთიერთთანამშრომლობაზე საუბრობს.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სულ რაღაც 65 წამში, „სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა ხუთი სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება“.

„უნიკალური ვიდეო, სულ რაღაც 65 წამში, სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა ხუთი სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება: 1. საერთო პატრონის მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს ელემენტარული შეთანხმების მიღწევაც კი ძალიან უჭირთ (წარმატების შანსიც რომ ჰქონდეთ, კოალიციის მაგივრად მივიღებთ ქაოსს). 2. ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი. 3. „გამოკვლევებული“ ოთხი პარტიიდან ოთხივე დაახლოებით ერთი წონისაა (რაც ნიშნავს, რომ ბარიერს მიღმა ნაცმოძრაობაც შეიძლება ვიხილოთ. ისეთ რისკზე მიდიან, ხუთიანის ბანერებსაც არ აკვრევინებენ- ოღონდ სხვებმა ბარიერი გადალახონ, რაც მაგალითად, გახარიას შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხულია). 4. სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიები მოქმედებენ საერთო გეგმით. 5. ამ ოთხი პარტიის საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებაც (ქარტიაზე ხელმოწერა) გარე ძალების დამსახურებაა. მადლობა ქალბატონო სალომე ასეთი ლაკონური გულწრფელობისთვის, ან წამოცდენებისთვის, თქვენ უფრო იცით“, – წერს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას ერთობლივად მუშაობა მოუწევს, თუმცა მათთვის ეს მარტივი არ იქნება.

„ცხადია, მათ შორის მუშაობა არჩევნების მერე არ იქნება მარტივი, არ იქნება მარტივი მათი ურთიერთობები, მაგრამ ისიც არის, რომ არც ერთი ძალა არ იქნება ერთპარტიული მმართველი, იძულებული იქნებიან, რომ ერთმანეთთან რაღაც კომპრომისებზე წავიდნენ. დღესაც კვლევები ამას გვეუბნება, რომ დაახლოებით ერთი წონის არიან ეს ოთხი პარტია. ვინ ცოტა უკან, ვინ ცოტა წინ, მაგრამ არავინ არის, რომელსაც შეუძლია, სხვები გასწიოს გვერდით. მეორე იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარება ამაში, რადგან ისენი უკვე ეუბნებიან ამას. სხვათა შორის, თუ ხელი მოაწერეს, ესეც მათი დამსახურებაა, უთხრეს, რომ ეს არის სწორი გამოსავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.