მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ობიექტურობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, არაფერი კარგი არ ხდება ამ ქვეყანაში? ხომ შეიძლებოდა, ერთი სიტყვა ეთქვა
მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ობიექტურობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, არაფერი კარგი არ ხდება ამ ქვეყანაში? ხომ შეიძლებოდა, ერთი სიტყვა ეთქვა

მცდელობა გაქვთ, შალვას ფანჩატურს შესთავაზოთ ევრორემონტი და დაარქვათ სალომეს ფანჩატური, ამ საქმიდან მეტი არაფერი გამოგივათ, რადიკალური ოპოზიციის სათავეში ყოფნის მცდელობა მეტ შედეგს არ მოგიტანთ, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დღეს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ქვეყანას პროგრესი აქვს არაერთი მიმართულებით, რის შესახებაც სალომე ზურაბიშვილს თავის გამოსვლაში ერთი სიტყვაც არ უთქვამს.

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანისგან, რომლის გამოც რამდენიმე წლის წინ ყველა რეგიონში დავდიოდი, ვიხვეწებოდი, საქართველოს პრეზიდენტად გვყოლოდა ემიგრაციის სიმბოლოს წარმომადგენელი, პირველი ქალი პრეზიდენტი, მოვისმენდი გამოსვლას, რომელსაც ყველა ობიექტური დამკვირვებლის მიერ რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა დაერქმეოდა.

ადამიანი, რომელიც დღეს ფორმალურად კვლავ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, პრეზიდენტად არჩეულ იქნა მას შემდეგ, რაც ძალიან გაგვიჭირდა, არცერთ არჩევნებში რომ არ გაგვჭირვებია ისე. არავის ვაყვედრით, მაგრამ ეს ფაქტია და უნდა მოვყვეთ. ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, ჩვენი პარტიული ლიდერების ბილბორდები ვიდრე არ გამოვკიდეთ, მანამდე ამ საქმეს არაფერი ეშველა. ამის შემდეგ ნელ-ნელა გაოპოზიციონერდა მისი მესიჯბოქსი, 26 მაისს რუსულ მესიჯბოქსში ჩამჯდარი სიტყვაც ვიხილეთ და დღეს ვნახეთ გამოსვლა, რომელსაც ობიექტურობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. არაფერი კარგი არ ხდება ამ ქვეყანაში? ხომ შეიძლებოდა, ერთი სიტყვა ეთქვა ქალბატონ სალომეს, რომ ერთი კარგი ამბავი ხდება. კვირა არ გავა, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, ეკონომიკის, სიღარიბის დაძლევის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით უდიდესი პროგრესი გვაქვს, წინ მივდივართ. არ არსებობს სფერო, სადაც პროგრესზე არ მეტყველებდეს ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა. ამის შესახებ არცერთი სიტყვა არ იყო ქალბატონი სალომეს გამოსვლაში. მეტიც, ქალბატონო სალომე, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით საუკუნის აფიორას რომ აჰყევით, თქვენს შვილებს, ჩემს შვილებს რას ეუბნებით, მისი მამა, დედა ჩართული იყვნენ რუსული საქმის კეთებაშიო? ამას ატყუებთ.

ეს საუკუნის აფიორა წამოვიდა იქიდან, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანის რუსულ კანონად მონათვლის მცდელობა იყო. ხალხმა, რომელმაც იმავნებლა, ამერიკულის თარგმანს რუსული კანონი დაარქვა. ეს ბინძური მცდელობაა ამერიკულის გარუსულებისა. თქვენ გაქვთ მცდელობა, ქართველი ხალხის არჩევანს დაარქვათ რუსული და ეს არის ყველაზე ცუდი, ამორალური, რაც შეიძლება ადამიანმა და ადამიანების ჯგუფმა იკადროს. ასევე, გაქვთ მცდელობა, შალვას ფანჩატურს შესთავაზოთ ევრორემონტი და დაარქვათ სალომეს ფანჩატური, მაგ საქმიდან მეტი არაფერი გამოგივათ, რადგან რადიკალური ოპოზიციის სათავეში ყოფნის მცდელობა მეტ შედეგს არ მოგიტანთ. მთელი ორი წლის განმავლობაში ნაწარმოებ მავნებლობას თავს როცა მოუყრით, იქ რუსული რაღაცები დაპარპაშებენ. გამძაფრების მიზნით რაღაც სიტყვებს იყენებთ, ეს რას იზამს? მოდელირებულ რეალობას ნამდვილ რეალობად აქცევს? „ნაცმოძრაობის“ დავალებების მიმცემების წიაღში წარმოშობილ ცრუ არგუმენტებს სიმართლედ აქცევს თუ რა მოხდება ამ სიტყვების გამძაფრებით? თავი მოუყარეთ, რაც კი ტყუილი თქვა „ნაცმოძრაობის კლასტერმა“ ორი წლის განმავლობაში, ერთად შეკრიბეთ და ყველაფერი მოკლედ ილაპარაკეთ დღეს, მეტი არაფერი იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.