მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყო ჩართული და იმაშიც ჩაერთო, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია
ქალბატონო სალომე, შემიძლია, მოგილოცოთ. „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
„რას ეტყვით თქვენს შვილებსო, თქვენ რიტორიკულ, თუ არარიტორიკულ კითხვაზე ჯერ პასუხს გაგცემთ და შემდეგ კითხვას დაგისვამთ. იცით, რას ვეტყვი? მე პირადად, ვეტყვი, თავად როგორც მწამდა და მჯეროდა, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს და მათ თავს დავიფიცებ, რომ ასე იქნება სულ. ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, არავის დავალებას არ მიიღებს, ამას ვეტყვით ჩვენს შვილებს, მინდა, ეს თქვენ პირადად კარგად იცოდეთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს მიმართა კითხვით, რას ფიქრობს დღეს, ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში.
რაც შეეხება კითხვას, თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში ბრძანეთ, შარშან სწორად არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსიო. ეს თქვით გადაცემაში. წელს რაც შეეხება, მხოლოდ ფორმალურად ასრულებთ რეკომენდაციებს, მხოლოდ ფორმალურადო, ამ ტრიბუნიდან ბრძანეთ. ბოდიში მოუხადეთ 26 მაისს გმირების ოჯახებს მთავრობის პოლიტიკის გამო, აქამდეც მიხვედით. შემდეგ ამ მთავრობას სთხოვდით თანხმობას და ლეგიტიმაციას, მისი და სახელმწიფოს პოზიცია წარმოგედგინათ უცხო ქვეყნის ლიდერებთან ურთიერთობაში. დღეს ლიდერები ჩამოთვალეთ სხვადასხვა ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და მოგვიწოდეთ, დაურეკეთო და ჰკითხეთ, რა ვილაპარაკეთო, რამდენად არასერიოზულია. მათ კი არ ვკითხოთ, თქვენ მოგვიყევით, თუ შეიძლება. ჩემი კითხვაა, რას ელაპარაკებოდით?
ვერსიებსაც გეტყვით, მაგალითად, შეიძლება, ელაპარაკებოდით, რომ საქართველოში რაც ვთქვი, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნის არც შარშან, არც წელს, ფორმალურად ასრულებენ და ასე შემდეგ, ეს იყო ტყუილი და ახლა მე თქვენ გეუბნებით, რომ რეალურად სრულდება. შეიძლება, ამას ეუბნებოდით. გაგვიმხილეთ. არავინ იცის, დახურულ კარს მიღმა რაზე საუბრობდით. ბოლო-ბოლო გვითხარით თქვენი დღევანდელი პოზიცია, ბოლო-ბოლო ეს ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. დღეს მაინც გაიგოს ხალხმა, რას ფიქრობთ რეალურად ამ საკითხზე“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განსახილველ სხდომაზე დღეს განაცხადა: „ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით) გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი. რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში, მდიდარი მამების სახსრებით, თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე“.