მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილი ღალატის პარტიის წარმომადგენელია და ქართველი ხალხის ნებას აღარ გამოხატავს, ოპოზიციის რიგებიდან ხაზარაძემ თქვა, რომ მათ ერთი გეგმა აქვთ
არ ვიცი, მამუკა ხაზარაძეს წამოსცდა თუ მიზანმიმართული განცხადება გააკეთა, მაგრამ ეს იყო ძველი ამბის ახალი აღიარება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ არსებობს იდეური თანხვედრა, იდეური პარტნიორობა სალომე ზურაბიშვილთან, თანხვედრაში არიან ღირებულებებთან.
მამუკა მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ღალატის პარტიის წარმომადგენელია და ქართველი ხალხის ნებას არცერთი მიმართულებით აღარ გამოხატავს“.
„ჩვენ აღიარება მივიღეთ და მადლობა მამუკა ხაზარაძეს ამ შემთხვევაში მაინც გულწრფელობისთვის. ოპოზიციის რიგებიდან ხაზარაძემ თქვა, რომ ისინი ერთად არიან გეგმებში. სამწუხაროდ, დღეს სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი არც იმ ადამიანების, ვინც აირჩია, არც საქართველოს სხვა მოქალაქეების. ის საქართველოში ომის, ღალატის პარტიის წარმომადგენელია და ქართველი ხალხის ნებას არცერთი მიმართულებით აღარ გამოხატავს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.