მამუკა მდინარაძე - სალომე სამადაშვილმა ახალი ამბავი გამოაცხო, რომ დარტყმა ორი თვის წინანდელი ამბით მოეყენებინა, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურია
ეტყობა, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს დილით გაახსენდა, დღეს ისეთი ახალი ამბავი არ ჰქონდა, რომ ხელისუფლებისთვის რაიმე დაებრალებინა და ორი თვის წინანდელ ამბავს განახლება გაუკეთა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, თუ საუბარია ეუთო-ს დასკვნაზე, ხელისუფლებას დასაბრალებელი უკვე დაგვაბრალეს.
„ნეგატიური ჩანაწერები რაც იყო, მთლიანი ტექსტის 3 პროცენტი იყო, 97 პროცენტზე არავის არ ულაპარაკებია. სალომე სამადაშვილმა ახალი ამბავი გამოაცხო, რომ ახალი დარტყმა ორი თვის წინანდელი ამბით მოეყენებინა, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურია. ვაპირებთ, რომ რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. ამ მიზნით, სპეციალური ფორმატი შეიქმნება და 2020 წლის არჩევნებამდე კანონმდებლობა გაცილებით დაიხვეწება“, – განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, არჩევნებთან დაკავშირებით ის რეკომენდაციები შეასრულოს, რომელიც ქვეყანას აშშ-მ, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ მისცეს.