მამუკა მდინარაძე - სახელმწიფოდან არის შეთავაზება, თუ რამე არ აკმაყოფილებს სააკაშვილს, დაიქირაონ უცხოელი ექიმები, ნაცვლად ამისა, დაიქირავეს ლობისტები
მსოფლიოში ალბათ პირველი შემთხვევაა, როდესაც პიარკომპანია ლობირებს თავისი პიარსტრატეგიული მეთოდებით ავადმყოფობას და ამ ეგიდით ადამიანის გათავისუფლებაზე იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ეს არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა და საქმე გვაქვს მხოლოდ მიხელ სააკაშვილის შემთხვევაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად არის შეთავაზება, თუ რამე საქართველოში არ აკმაყოფილებს პაციენტს, პატიმარს, მის ადვოკატს, ოჯახს, მათ დაიქირაონ უცხოელი ექიმები, რომლებიც დამატებით იზრუნებენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ნაცვლად ამისა, მათ დაიქირავეს უცხოელი ლობისტები.
„ეს არის იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არასდროს ყოფილა არც სამედიცინო და არც სამართლებრივი სფეროდან. რეალურად, ეს თავიდანვე იყო პოლიტიკური პროცესი. როგორც პოლიტიკურ კონტექტსში გვისვამენ ამასთან დაკავშირებით შეკითხვებს, როგორც პოლიტიკურ კონტექსტში ამუნათებენ სახელმწიფოს, ასევე პოლიტიკურ კონტექსტში გრძელდება და ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფობას ჰყავს ლობისტი, პიარკომპანია ლობირებს თავისი პიარსტრატეგიული მეთოდებით ავადმყოფობას და ამ ეგიდით ადამიანის გათავისუფლებაზე იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ეს არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა. სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად არის შეთავაზება, თუ რამე რეალურად და ობიექტურად საქართველოში არ აკმაყოფილებს პაციენტს, პატიმარს, მის ადვოკატს, ოჯახს, დაიქირაონ უცხოელი ექიმები, რომლებიც დამატებით იზრუნებენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნაცვლად ამისა, მათ დაიქირავეს უცხოელი ლობისტები, „პიარშიკები“, რათა ლობისტურმა კომპანიამ უზრუნველყოს ავადმყოფობის ლობირება, რაც უპრეცედენტოა. ეს არამხოლოდ ეჭვებს აჩენს, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ მის პარტნიორებს, დავალების მიმცემებს, შემკვეთებს, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და აერია ეს ქვეყანა, არ აინტერესებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ აინტერესებთ აქედან გამომდინარე პიარული, პოლიტიკური და საქართველოსთვის მავნებლური შედეგი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.