მამუკა მდინარაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ბიზნესისთვის ნიშნავს, რომ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო გარემოა
ბიზნესისთვის ეს გზავნილი ნიშნავს, რომ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო გარემოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს შესახებაცაა საუბარი.
კერძოდ, დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია: „საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა“.
მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს აქვს წარმატება და პროგრესი სახეზეა.
„დღე არ გავა, არ გამოქვეყნდეს რაიმე მონაცემი, მათ შორის სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ობიექტური კვლევითი ორგანიზაციების, სადაც უკვე ჩანს, რომ ძველ ხელისუფლებასთან შედარება შეურაცხმყოფელია, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული მონაცემებია. არც კი შეიძლება შედარება, რადგან ქვეყანას აქვს წარმატება, რაც შეუდარებლად მაღალია წინა ხელისუფლების ნამოღვაწართან. რეალობა ერთია და განსხვავებულია ოპონენტების მიდგომები ამ ყველაფრის მიმართ. საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო გარემოა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ალბათ, ამაზე ადვილი არცერთ ქვეყანაშია. პირველები ვართ ამ მიმართულებით, მათ შორის ობიექტური მონაცემებითაც. როცა ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკა ვითარდება, სიღარიბე შემცირდა, ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პროგრესი სახეზეა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.