მამუკა მდინარაძე - სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ შენობის ბლოკირება მოხდეს და პარლამენტს მუშაობაში ხელი შეეშალოს
პარლამენტის ხვალინდელი სხდომა ისე ჩატარდება, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში. სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ შენობის ბლოკირება მოხდეს და საქართველოს პარლამენტს მუშაობაში ხელი შეეშალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილ პიკეტირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, მისი შეფასებით, ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ თავად ატყუებენ საზოგადოებას, რადგან მათ მიერ შემოთავაზებული ყველა ვერსია სპეკულაციურია და ატყუებს იმ ადამიანებსაც კი, ვინც გულწრფელად აპროტესტებს ფაქტს, რომელიც დადგა უმრავლესობის საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად. აქედან გამომდინარე, მათ უნდა გაიაზრონ რეალობა და ის, რომ თუ კანონი დაირღვევა, სახელმწიფო იდგება თავის ადგილზე და აღკვეთს კანონდარღვევას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, საქართველოში დღეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს, თუ კანონის ფარგლებს არ გასცდება აღნიშნული უფლების რეალიზება, ისინი ყველა მხრივ დაცული იქნებიან.
„გვესმის სპეკულაციური განცხადებები. ალბათ, ნახეთ, რომ ბოლო დღეებში გარდამავალი მესიჯი შეიმუშავეს, რომ სურთ არა ე.წ. გერმანული მოდელი, არამედ გერმანული მოდელის მსგავსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა იურისტი, ვინც სუბიექტური არ არის, თანხმდება იმაზე, რომ გერმანულის მსგავსი მოდელიც კი კონსტიტუციის შეუსაბამოა. აქედან გამომდინარე, მათი მოთხოვნა არარელევანტური და სპეკულაციურია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიცია ხვალ პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.