მამუკა მდინარაძე - სახალხო დამცველის ასარჩევად მმართველ გუნდზე რაც იყო დამოკიდებული, ყველა რეკომენდაცია, პრაქტიკულად, შესრულებულია, კონსენსუსთან დაკავშირებით, არცერთი გადაწყვეტილება არ არის მიღებული
ნაზი ჯანეზაშვილი საერთოდ გამოირიცხა, ვერც კი გაბედა მოსვლა პარლამენტში და ამაზე კამათიც არ ყოფილა, გიორგი ბურჯანაძის არჩევა კი ნიშნავს იმავე ნინო ლომჯარიას ხელახლა არჩევას, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებთან დაკავშირებით.
„დავანებოთ თავი იმას, რა თქვა მან, მოწოდებები რომ ჰქონდა, მთავრობის გადაყენების მოთხოვნით გამართულ აქციაზე მისულიყვნენ ადამიანები, რამდენად ტენდენციურია და პოლიტიკურად მიკერძოებული, ხომ ჩანს? ის ერთ-ერთში ატარებდა იმ პოლიტიკას, რასაც, რა თქმა უნდა, მისი ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია, და ვირჩევთ იმავე ნინო ლომჯარიას, რომელიც იყო ნაცების სახალხო დამცველი. მაგალითად, მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია პატიმრების დაცვა ხომ იყო?! რა მნიშვნელობა აქვს, რაში ბრალდებულთან, მაგრამ სამი-ოთხი შემთხვევაა, რომ არის ნამყოფი ტერორიზმში ბრალდებულებთან და, ამის გარდა, მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან ციხეში. თავი დავანებოთ მის განცხადებებს – ბომბების წვიმა, ომის ირიბი მოწოდებები, მინიშნებები და ქვეტექსტები, ამასაც რომ თავი დავანებოთ, ხომ ვიცით, რასაც აკეთებდა? მისი პოლიტიკური იდეის გამგრძელებელი ბურჯანაძე, შეუძლებელია, ავირჩიოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, უმრავლესობა ასევე გამორიცხავს ანა აბაშიძის კანდიდატურის მხარდაჭერას, რომელმაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს საშინელება უწოდა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მიიღებს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას საკუთარი ამომრჩეველი.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აღიქვამს ევროკომისია არასამთავრობო სექტორის მიერ და ამასთან, ოპოზიციის ნაწილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების, ჯანეზაშვილის, ბურჯანაძისა და აბაშიძის პროცესიდან გამორიცხვას, როცა ევროკომისიის რეკომენდაციების მიხედვით პროცესში ფართოდ უნდა იყოს ჩართული სამოქალაქო სექტორი, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ როგორც ევროკომისიამ თქვა, კანდიდატი დამოუკიდებელი უნდა იყოს, ეს ხალხი კი არ შეიძლება, ვინმემ დამოუკიდებლად მიიჩნიოს.
მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს სამი კანდიდატი გამორიცხა და დარჩა ხუთი კანდიდატი, რომლიდანაც ერთ-ერთის ამორჩევა შესთავაზა ოპოზიციას, იმის მიუხედავად, რომ არცერთი არ იყო მმართველი პარტიის კანდიდატი, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ გადის.
„უპრეცედენტო გამჭვირვალობის მიუხედავად, ბოლოს მივედით იქამდე, რომ ვერავინ ვერ აირჩა, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ კანდიდატს ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ, არავინ დავასახელეთ და ჩვენი ფავორიტიც არ გვყავდა. იმ ხუთ კანდიდატშიც კი არავისზე მინიშნებასაც კი არ ვაკეთებთ. ვეუბნებით, აგერ, ბატონო, ხუთი კანდიდატი და ამოირჩიეთ თქვენ თვითონ, მაგრამ არ და ვერ ირჩევენ და აგდებენ რეკომენდაციას“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ყველა რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც მმართველ გუნდზე იყო დამოკიდებული, პრაქტიკულად, შესრულებულია.
„რაც ჩვენზე, მმართველ გუნდზე იყო დამოკიდებული, ყველა რეკომენდაცია, პრაქტიკულად, შესრულებულია, ხოლო რაც საერთო გადაწყვეტილებასთან, ანუ კონსენსუსთან იყო დაკავშირებული, ჯერჯერობით არცერთი გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გაზაფხულზე პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთს არ უნდა მისცენ საშუალება, ეს რეკომენდაცია ჩავარდეს.