მამუკა მდინარაძე - საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ, რომ ვაიძულოთ, საბოტაჟის რეჟიმიდან გამოვიდნენ ის პარტიები, რომელთაც ამომრჩეველმა ხმა საპარლამენტო საქმიანობისთვის მისცათ
მამუკა მდინარაძე - საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ, რომ ვაიძულოთ, საბოტაჟის რეჟიმიდან გამოვიდნენ ის პარტიები, რომელთაც ამომრჩეველმა ხმა საპარლამენტო საქმიანობისთვის მისცათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ახალი საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ.

მდინარაძის თქმით, „ქვეყნისთვის ყველაზე დამაზიანებელი პარტიების გაქრობა იქნება და ეს წარმოუდგენელია“.

„ზოგადად, საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ, პოზიტიური გაგებით ის პარტიები, რომ ვაიძულოთ, საბოტაჟის რეჟიმიდან გამოვიდნენ, რომელთაც ამომრჩეველმა ხმა საპარლამენტო საქმიანობისთვის მისცათ. პოლიტიკური ბოიკოტი მათი სამართლებრივად გარანტირებული მექანიზმია, მაგრამ საბოტაჟი არ არის უფლება. ეს არის პაკეტი საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ. ქვეყნისთვის ყველაზე დამაზიანებელი პარტიების გაქრობა იქნება და ეს წარმოუდგენელია. ისინი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ იმას, რომ ჯერ კიდევ პარლამენტში ირიცხება ცხრა საარჩევნო სუბიექტი. იმდენად აღქმებზე არიან ჩამოკიდებული, რომ ისიც კი არ იცოდნენ, რომ პარლამენტში 14 პარტია ირიცხებოდა. ეს გვაქვს რეალობა. იმედია, თავის თავში ძალას და პასუხისმგებლობას გამონახავენ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდნენ და საკუთარი სიტყვების მძევალი არ გახდნენ, პარლამენტში შემოვიდნენ, კომისია შექმნან, გამოიძიონ და ერთპროცენტიანი ცდომილების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები მიიღონ. ამ შეთავაზება უარის თქმის ერთადერთი მიზეზია ის, რომ მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ საპარლამენტო არჩევნების არანაირ გაყალბებას კი არა სერიოზულ გადაცდომასაც კი არ ჰქონია ადგილი. ცდომილება არ დაფიქსირდება, ჩიხში არიან, უკან დასახევი გზა მოიჭრეს, წინ ნაბიჯს ვერ დგამენ და სამწუხაროდ, ბულინგს ექვემდებარებიან. ამას ცოტა მეტი პოლიტიკური ძალა სჭირდება, რომ ეს ყველაფერი გადავლახოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.