მამუკა მდინარაძე - საგამოძიებო კომპონენტში გამიჯვნა ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა, რასაც ვენეციის კომისიაც ეთანხმება
საგამოძიებო კომპონენტში გამიჯვნა ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა, რასაც ვენეციის კომისიაც ეთანხმება – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიის შეფასებას საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საგამოძიებო და საპროკურორო კომპონენტების გამიჯვნით ჩვენ უნდა მივიღოთ გაცილებით ქმედითი და პროფესიონალი გამომძიებლები.
„ვიცით, რომ წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გამოძიება უკან და უკან მიდიოდა, როდესაც ერთი ფურცელი და ერთი მტკიცებულება იყო პირის მსჯავრდებისთვის საკმარისი. მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესებულია, ამ მხრივ პროფესიონალიზმიც გაზრდილია, მაგრამ საგამოძიებო ორგანოებს სჭირდებათ იმგვარი მხარდაჭერა, რომ საგამოძიებო და საპროკურორო კომპონენტების გამიჯვნით მივიღოთ გაცილებით ქმედითი, გაცილებით პროფესიონალი გამომძიებლები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს. კომისიის შეფასებით, რეფორმის კონცეფცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ უქმნის საფრთხეს გამოძიების ეფექტიანობას.