საერთაშორისო პარტნიორებთან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ გავაცნოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„პარლამენტმა ერთობლივი რეზოლუცია იმ მიზნით მიიღო, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშაოთ, რათა სიაში მოხვედრილ ადამიანებს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო შეზღუდვა დაუწესდეს, ფინანსური თუ ნებისმიერი სანქცია, რომლითაც მათ დისკომფორტი საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ შეექმნებათ.
აქედან გამომდინარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს სია გავაცნოთ, ამ სანქციების აუცილებლობაში დავარწმუნოთ და ქმედითი სანქციების გარდა, ეს ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი და პოლიტიკური ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დღეს ბრიფინგზე წარუდგინა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. დადგენილების პროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე განიხილეს, პარლამენტს გადაეგზავნება.