მამუკა მდინარაძე - სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდს
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნებზე ამომრჩევლის ნორმალური აქტივობაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე გარკვეული დარღვევები შეინიშნება, თუმცა როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რაიმე განსაკუთრებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„ხმის მიცემის პროცესი საერთო ჯამში მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ამ დროისათვის ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის პროვოკაციების მცდელობებსაც, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული და საიმისოდ ორიენტირებული, რომ ყველაფერი იყოს მშვიდ გარემოში. მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც არიან მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოფენ სიმშვიდეს საარჩევნო უბნებთან“,- განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ნებისმიერ უკანონო ქმედებას, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მაქსიმალური ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდისკენ, რადგან ნათლად ჩანს, როგორც განვლილი პერიოდის მანძილზე, დღესაც როგორ ცდილობენ დაძაბულობის ცენტრის შექმნას.
თქვენ ნახეთ აუდიოჩანაწერი, სადაც კარგად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ე.წ. ადუღებაზე და დესტაბილიზაციაზე საუბრობენ. გასაგებია, რომ ეს მათი მიზანი არის და წინასწარაც ჩანდა, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ამიტომ, სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდს“,- განაცხადა მდინარაძემ.